„საშვილოსნოს ყელის კიბო განაჩენი არ არის“ – ინტერვიუ მეან-გინეკოლოგთან

0

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბოს, სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ, მეორე ადგილი უკავია. უმეტესად რეპროდუქციულ ასაკში მსოფლიოში ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ქალი ავადდება.

რა ფაქტორები იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას, რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას, როგორ ხდება დიაგნოსტიკა – ამ და სხვა საკითხებზე სპარტაკ გელაშვილის კლინიკის მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგ მერი ნატროშვილს ვესაუბრეთ.

– ქალბატონო მერი, რა ფაქტორები იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას?
-ამ დაავადების განვითარების მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორებია: ნაადრევი ინტიმური კავშირი. სხვადასხვა სქესობრივი პარტნიორი. ადრეულ ასაკში მშობიარობა და აბორტი. დაუცველი სქესობრივი ცხოვრება. პაპილომა ვირუსი, მნიშვნელოვანია ონეოგენური ქვეტიპები – მე-16, მე-18. თამბაქოს მოხმარება. ჰერპესვირუსი. გენეტიკური ფაქტორი. სქესობრივი გზით გადამდები უმკურნალებელი ინფექციები და სხვა.

-რა სიმპტომები და გამოვლინებები აქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს?
-საშვილოსნოს ყელის კიბო, სხვადასხვა სტადიაზე, შესაძლოა, სხვადასხვა ნიშნით გამოვლინდეს. საწყის სტადიებზე საშვილოსნოს ყელის კიბო უსიმპტომოდ მიმდინარეობს, როგორც კიბოსწინარე დაავადებები. დაავადების განვითარების შემდგომ ეტაპზე კი უკვე ჩნდება შესამჩნევი ვიზუალური ცვლილებები კერძოდ – პათოლოგიური გამონადენი, ჩვეულებრივთან შედარებით მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული მენსტრუაცია. ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, საერთო სისუსტე.

– როგორ ხდება დიაგნოსტირება?
-აუცილებელია, ყველა ქალბატონმა ყოველწლიურად გაიაროს გინეკოლოგიური კონსულტაცია და ჩაიტაროს PAP ტესტი – იგივე ციტოლოგიური კვლევა, კოლპოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში დამიზნებითი ბიოფსია. ამ გამოკვლევებით, შესაძლებელია, უჯრედების გადაგვარების, იგივე დისპლაზიის, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს ჩამოყალიბების ალბათობას და შესაძლებელს ხდის კიბოს დიაგნოზის დადგენას ადრეულ სტადიაში. კოლჰოსკოპის აპარატს აქვს უნიკალური შესაძლებლობა აღმოაჩინოს დაზიანებული უბანი. ექიმს ეძლევა საშუალება, შეაფასოს ვულვის საშოსა და საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა. დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაზიანების დროული გამოვლინება. ჩვენთან, სპარტაკ გელაშვილის კლინიკაში, ეს პროცედურა – კოლპოსკოპია, უახლესი აპარატით ტარდება.

– რას წარმოადგენს კიბოსწინარე პროცესი?
– კიბოსწინარე პროცესი არის ფონური დაავადებების და პისტოლოგიურად ან ციტოლოგიურად დადგენილი ზომიერი ან მძიმე დისპლაზიის ერთობლიობა. კიბოსწინარე პროცესი – დისპლაზია, შესაძლოა, იყოს მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ხარისხის. დისპლაზიამ, შესაძლოა, განიცადოს რეგრესია ანუ უკუგანვითარება. ის უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დისპლაზიის მკურნალობის დროს საჭიროა, ასაკისა და დისპლაზიის ხარისხის გათვალისწინება. მსუბუქი დისპლაზიის შემთხვევაში, ჩატარებული ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული მკურნალობის შემდგომ, დაავადება რეგრესირებს. ზომიერი და მძიმე დისპლაზია კი ონკოგინეკოლოგის მეთვალყურეობას და ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვს. ახალგაზრდა პაციენტებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სტადიების შემთხვევაში, კეთდება საშვილოსნოს ყელის კონიზაცია, საშვილოსნოს ყელის დაზიანებული უბნის ამოკვეთა საღი ქსოვილის ფარგლებში. აღნიშნული პროცედურის შემდეგ მასალა იგზავნება მორფოლოგიურ კვლევაზე დიგნოზის ვერიფიკაციისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით.

– ქალბატონო მერი, სტატისტიკა ცხადყოფს რომ, საშვილოსნოს ყელის კიბო, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში გავრცელებული დაავადებაა. რას ურჩევთ ქალბატონებს ?
-გინეკოლოგთან  დროული ვიზიტი – ეს უმთავრესია. სწორი დიაგნოსტიკა ბევრ გართულებას აგაცილებთ თავიდან. საშვილოსნოს ყელის კიბო განაჩენი არ არის. გახსოვდეთ, რომ ადრეულ ეტაპზე დაავადება განკურნებადია. გახსოვდეთ, რონ ნებისმიერი დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენა და მკურნალობა – უმნიშვნელოვანესია. გისურვებთ ჯანმრთელობას.

მარიამ ზედგინიძე 

კომენტარები

კომენტარი