საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის ახალი გრანტი გამოეყო

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“, საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მუნხტუია ალტანგერელმა მოაწერეს.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, დაცული ტერიტორიების გაძლიერებისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 9,785,000 აშშ დოლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) 1 826 484 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.
პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ 12 სამიზნე დაცულ ტერიტორიაზე ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
​კერძოდ, პროგრამის სამიზნე ტერიტორიებია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორია, მაჭახელას ეროვნული პარკი, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გრანტი ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის და შესაძლებლობების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საკონსულტაციო მომსახურება, სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინვენტარის შეძენა და სხვ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიებზე ეკო-ტურიზმის განვითარებას, რაც გააუმჯობესებს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტი 5-წლიანია, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდისა (СNF) და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი