თელავის მერია ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ქვემეხებიდან სამჯერ გაისვრის

0

თელავის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივებს აფრთხილებს. მათ მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ გაცხადებაში ნათქვამია, რომ რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ქვემეხებიდან ერთობლივად გაისვრიან.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება და გამოყო გუნდი, რომელიც ზურაბიშვილის ინაუგურაციის რეჟისურასა და დეტალებზე ისაუბრებს. ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეორის სასახლეში ჩატარდება და მას საერთაშორისო ლიდერებიც დაესწრებიან. ცნობილია, რომ ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.
სალომე ზურაბიშვილმა თელავში არჩევნები წააგო. მისი თქმით, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა ინაუგურაცია არა რეგლამენტით განსაზღვრულ ადგილზე, არამედ თელავში გაემართა. რეგლამენტით პრეზიდენტის ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტის ეზოში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა და ახალ პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება მისცა.
ინაუგურაციის პარალელურად თელავში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი