ევროპარლამენტარი: საქართველოში მიმდინარე რეფორმები ქვეყნის პროგრესის დემონსტრირებაა
კავკასიასთან ურთიერთობის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროპარლამენტარის საჯად კარიმის თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები ქვეყნის პროგრესის დემონსტრირებაა.
მან, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც ხელმძღვანელი აღნიშნავს, ევროპარლამენტის მიღებული რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აგრესიის ნებისმიერი შემდგომი გამოვლინება უგულებელყოფილი არ დარჩება.
„ასოცირების შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას, 2016 წელს შევიდა ძალაში. მას შემდეგ საქართველო ცდილობდა საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა. ამან მიგვიყვანა საქართველოს მოქალქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან.
საქართველოს მიმდინარე რეფორმები არის ქვეყნის პროგრესის დემონსტრირება. ახლა იქ პირველი ქალი მმართველი აირჩიეს. ასევე, იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც კვალიფიციური იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ახორციელებს სასამართლო სისტემის რეფორმას, რათა ის გახდეს გამჭვირვალე და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი.
რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენ კვლავაც მტკიცედ ერთგულები ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მიმდინარე წლის ივნისში ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პოზიციას და ნათლად უსვამს ხაზს, რომ აგრესიის ნებისმიერი შემდგომი გამოვლინება არ დარჩება უგულებელყოფილი.
ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტში ვუმასპინძლე მიღებას, რომელიც ეძღვნებოდა დელეგაციების მუშაობას. სამივე ქვეყნის ელჩები და წარმომადგენლები ერთ სცენაზე იყვნენ, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო. ყოველივე ეს არ მოხდებოდა, რომ არა საპარლამენტო განზომილება და ჩემი თანათავმჯდომარეები არმენ აშოტანი, თამარ ხულორდავა და ჯავანშირ ფეიზიევი, ისევე, როგორც ელჩები მარკარიანი, საბანაძე და ისგანდოროვი, რომლებიც იყვნენ მნიშვნელოვანი თანამოსაუბრეები“, – წერს საჯად კარიმი.