ეროვნულ სასახლეში მუსიკალური ფესტივალის „თაობა“ გალაკონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
14 დეკემბერს, 16 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პირველი მუსიკალური ფესტივალის „თაობა“, გალაკონცერტი და ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ნაწარმოებები და მათი ავტორები. ფესტივალზე წარდგენილ საუკეთესო სიმღერებს სასახლის მუსიკალური მიმართულების ანსამბლები, ვოკალური ჯგუფები და სოლისტები შეასრულებენ. საკონკურსო ნაწარმოებებს შეაფასებს როგორც პროფესიული, ისე საბავშვო ჟიური.
მუსიკალური ფესტივალი მიმდინარე წლის 2 აპრილს დაიწყო, საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო საბავშვო – ახალგაზრდულ თემატიკაზე შექმნილი 90 ნაწარმოები; ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც პროფესიონალმა კომპოზიტორებმა, ისე მოყვარულებმა. მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ ყოფილა.
სასახლის მუსიკალური ფესტივალის ხელმძღვანელია კომპოზიტორი კახა ცაბაძე. ჟიურის წევრები – მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი, მუსიკოსი, კომპოზორი ეკა კახიანი, მუსიკოსი მაია ჯაბუა, კომპოზიტორი, მუსიკოსი სოფიო ტოროშელიძე, კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე, კახა ცაბაძე.
როგორც „კვირას“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ განუცხადა, ფესტივალის მიზანია ახალი ქართული სასიმღერო მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა და ახალგაზრდებში თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. სახელოვნებო დარგების, მათ შორის, სასიმღერო ხელოვნების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მუსიკალური რეპერტუარის მუდმივი განახლება, რაც თავის მხრივ, მომავალი თაობის ინტერესებისა და ჩართულობის ზრდას უზრუნელყოფს.
თიკა რუხაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი:
„ტრადიციულად, ეროვნული სასახლის მუსიკალური ანსამბლებისთვის იქმნებოდა თანადროული საბავშვო და ახალგაზრდული მუსიკალური ნაწარმოებები. ფესტივალის იდეაა თანამედროვე კომპოზიტორებისა და პოეტების მოზიდვა ახალი საბავშვო სიმღერების შექმნისთვის.
მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად ტარდება და საბავშვო-ახალგაზრდული მუსიკის შექმნას ემსახურება, რომ ბავშვებს თანამედროვე რეპერტუარი ჰქონდეთ.
თავის დროზე, უამრავი და მრავალფეროვანი სიმღერა იწერებოდა პირდაპირ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებისთვის. ახლა ეს ტენდენცია შედარებით შემცირებულია. სწორედ ამიტომ, პოპულარიზაციის მიზნით, წელს ეს ფესტივალი ჩავატარეთ – რომ მეტი სიმღერა და ლექსი დაწერონ კომპოზიტორებმა და პოეტებმა ბავშვებისთვის იმ თემატიკაზე, რაც თანამედროვე გაჯეტების თაობისთვის არის საინტერესო.
მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური ფესტივალი გაზაფხულზე დაიწყო, 100-ზე მეტი სიმღერა შემოვიდა. ჩვენმა სხვადასხვა ვოკალურმა ჯგუფებმა და ანსამბლებმა სექტემბრიდან დაიწყეს გადარჩეული სიმღერების შესწავლა.
ის 20 სიმღერა, რომელიც გავიდა საფინალო ტურში, უკვე გამარჯვებულია. მათ უკვე ასრულებენ ჩვენი ანსამბლები და ბავშვები. ეს სიმღერები მხოლოდ ნოტებზე არ დარჩება, გაკეთდება არანჟირება, სხვადასხვა ვერსია, ცოცხლად შეასრულებენ ანსამბლები… და თაობიდან თაობას გადაეცემა.
ასე ხდებოდა პოპულარული ის ძველი და საყვარელი სიმღერები, რომელზედაც თაობები გაიზარდა.
14 დეკემბერს უკვე გამოვლინდება პირველ, მეორე, მესამე ადგილებზე გასული სიმღერები სხვადასხვა ნომინაციაში.
ეს არ არის შემსრულებელთა კონკურსი, სიმღერა ფასდება და, შესაბამისად, სასიმღერო კონკურსია. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა კომპოზიტორს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ფესტივალში, მათი მხრიდან ეს არის უსასყიდლო საჩუქარი. ვფიქრობ, ასეთი ტიპის საჩუქრები ნამდვილად სჭირდება მომავალ თაობას, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ გარკვეულ ფასეულობებზე გავზარდოთ და სამოქალაქო შეგნება და აზროვნება გავუღვივოთ ჩვენს ახალგაზრდობას.
მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 14 დეკემბერს ეროვნულ სასახლეში, სადაც იქნებიან ბავშვები, მათი მშობლები და მრავალი სტუმარი. 100-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა საფინალო ეტაპის მოსმენაში. მათ გადაეცემათ ფესტივალის სიმბოლური პრიზები და დიპლომები, მრავალ მადლობას მიიღებენ და ეს დღეც შედგება.
ეროვნული სასახლის მუსიკალური ფესტივალი 2018 წელს პირველად ტარდება და სამომავლოდ, ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.