თეა წულუკიანი: მერაბიშვილის გათავისუფლება და ამგვარი დავალების მიცემა მთავრობისთვის მიზანშეწონილი არ არის

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობისთვის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების რჩევის მიცემის აუცილებლობა არ არსებობს. როგორც მან აღნიშნა, არავის ეპატიება, მსჯავრდებულს მედიის საშუალებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
„კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, ჩახედოს გუშინ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას, სადაც წერია, რომ მთავრობის არგუმენტები გაიზიარეს და უარყვეს ის არგუმენტები, რომლებიც ოთარ კახიძემ მარტში, ივნისსა და შემდგომ პერიოდში წარადგინა. კახიძე ითხოვდა, დავალებული ყოფილიყო მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლება, თუმცა კახიძის, ბოკერიასა და სხვების პოზიციები არ გაიზიარეს.
თქვენ გახსოვთ, ბატონი ბოკერია ბევრს ყვიროდა პარლამენტში, რომ ეს საქმე არის ტიმოშენკოსა და მამადოვის მსგავსი, ეს ყველაფერი უარყოფილ იქნა და ცალსახად ითქვა, რომ მერაბიშვილის საქმე არ არის სხვების მსგავსი, რადგან მერაბიშვილი არაერთი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, მათ შორის ერთ-ერთი არის გირგვლიანი-ენუქიძის საქმე. ცალსახად აღინიშნა, რომ მერაბიშვილის გათავისუფლება და ამგვარი დავალების მიცემა საქართველოს მთავრობისთვის აუცილებელი და მიზანშეწონილი არ არის.
ასევე, ცალსახად ითქვა, რომ მისი წინასწარი დაკავება და პატიმრობა ორ კონკრეტულ საქმეზე იყო კანონიერი, რადგან სწორედ ამას ასაჩივრებდა მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოში. ასევე ითქვა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდზე, სადაც დადგინდა დარღვევა, გამოძიება განახლდა.
შესაბამისად, ოპონენტებს მინდა, მოვუწოდო, თავი დაანებონ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რადგან პატიმარს სჭირდება, ჰქონდეს რეალური ინფორმაცია, რა ხდება გარეთ, იქნება ეს თბილისისა თუ სტრასბურგის ორგანოები. არ მგონია, ვინმეს ეპატიებოდეს, რომ მსჯავრდებულს მედიის საშუალებით უთვლიდეს არასწორ ინფორმაციებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა.
ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები