ზაალ კასრელიშვილი: ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მოიგო

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა გამართლებულია არ არის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა დასავლეთმა აღიარა უკვე ეს არჩევნები, – ამის შესახებ „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდგინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
კასრელიშვილმა არჩევნების შედეგები შეაფასა.
„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა გამართლებულია არ არის, მით უმეტეს, იმ ფონზე როცა დასავლეთმა აღიარა უკვე ეს არჩევნები. რა თქმა უნდა, იყო შენიშვნები ამერიკაშიც და ევროპაშიც, განაცხადეს, რომ იყო დარღვევები და ხელისუფლებას მოსთხოვეს ამ დარღვევების გამოძიება. მაგრამ, ყველამ დააფიქსირა, რომ ეს არ იყო იმ ხარისხის და იმ რაოდენობის დარღვევები, რომ გავლენა მოეხდინა შედეგზე”, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის.
„რაც შეეხება კრიზისს, ქვეყანაში არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ზოგიერთი მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდი მდგომარეობაა დარგობრივად.
თუ რომელიმე მინისტრი, ან გამგებელი, ან გუბერნატორი არაეფექტიანად მუშაობს და ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ეს არჩევნების პირველ ტურშიც გამოჩნდა, მოსახლეობა გაემიჯნა, არ აღიარა ისინი. სწორედ იმ რაიონებში, სოფლებში, რეგიონებში სადაც პირველ ტურში სახელისუფლებო კანდიდატმა ვერ აჩვენა კარგი შედეგი, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. ჩვენ ვფიქრობთ რომ პოლიტიკური კრიზისი არ არის.
ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკურ ოპოზიციას დღეს საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა უნდა, რომ ისინი ქვეყნისა და ხალხის ბედნიერებაზე ფიქრობენ. ჩვენ გვგონია, რომ ეს არის თემა, საპრეზიდენტო არჩევნების მარცხის შემდეგ თემა აღარ დარჩათ. საპრეზიდეენტო არჩევნების პირველ ტურში მათ მთლი არსენალი დახარჯეს, როგორც პოლიტიკური ისე ფინანსური, თემა აღარ დარჩათ და აირჩიეს აგრესიული მენეჯმენტის მიმართულება. ძალიან ბევრი ცრუ დაპირება გასცეს, თავის ამომრჩეველი წააქეზეს აგრესიულად და შედეგზე ვერ გავიდნენ”, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ თავმჯდოამრემ, ბიძინა ივანიშვილმა მოიგო.
„ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა თავისი ძალა აჩვენა მთელ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს საქართველოში . პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის შედეგების სხვაობა ზუსტად ასახავს ამომრჩევლის გემოვნებას და განწყობას. როდესაც პირველი ტურისშედეგები დაიდო, გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, ჩემი ბრალია, მე გამოვასწორებ ამასო. 2012 წელს ვინც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, იმ გვარდიამ გაიმარჯვა. ტყუილად იბრალებს ახლა ამას თავისთავზე. გადამწყვეტი იყო ბიძინა ივანიშვილი, ეს არჩევნები მოიგო ბიძინა ივანიშვილმა”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები