“საარჩევნო უფლების დარღვევების ფაქტების შესახებ სახალხო დამცველისთვის არცერთ მოქალაქეს არ მოუმართავს”

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესები შეაფასა. როგორც მან განაცხადა, საარჩევნო უფლების დარღვევების ფაქტებზე სახალხო დამცველისთვის არცერთ მოქალაქეს არ მიუმართავს. თუმცა მისივე შეფასებით, საგანგაშო იყო გავრცელებული ინფორმაციები სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და მოსყიდვის ფაქტებზე.
​„მოგეხსენებათ, არასამთავრობო სექტორი საუბრობს სავარაუდო ფაქტებზე, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ეს ფაქტი შევისწავლოთ და ვნახოთ, დადასტურდება თუ არა. ასევე ვნახოთ, რა რეაგირება მოახდინეს ამ ფაქტებზე სამართალდამცველმა ორგანოებმა. ამიტომ ინფორმაციას გამოვითხოვთ და შევისწავლით, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რამდენ ფაქტზე დაიწყო, რამდენზე უნდა დაწყებულიყო და ზოგადად, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება. ფაქტია, იყო ბევრი ინფორმაცია სავარაუდო დარღვევის შესახებ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რამდენად ადეკვატური და დროული რეაგირება ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს და შესაბამის უწყებებს ამ ფაქტებზე.
საარჩევნო უფლების დარღვევების ფაქტების შესახებ სახალხო დამცველისთვის არცერთ მოქალაქეს არ მოუმართავს, თუმცა საგანგაშო იყო, ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და მოსყიდვის ფაქტებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ზოგადად ქვეყანაში სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები გაზრდილია.
„მათ შორის გამოყენებული იყო ქსენოფობიური რიტორიკაც, ძალიან სახიფათოდ შეეხნენ ეთნიკურ საკითხებს საარჩევნო კონტექსტში, მათ შორის რელიგიურ საკითხებს, რაც ჩემთვის როგორც სახალხო დამცველისთვის, არის ძალიან საგანგაშო. ზოგადად ქვეყანაში სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები გაზრდილია“, – განაცხადა ნინო ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები