ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში წარადგინა. მან ყურადღება სიცოცხლის უფლებით და ამ კუთხით გამოვლენილ პრობლემებზე გაამახვილა. ხაზი გაუსვა ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს და აღნიშნა, რომ ამ საქმეებმა გამოძიების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები გამოავლინა, რომლებიც სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას საჭიროებს.
როგორც “კვირას” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, მიმდინარე წელს შესწავლილი 700 საქმიდან უმრავლესობა ბავშვების მიმართ ძალადობას, სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები წარმოადგენენ.
როგორც ლომჯარიამ განაცხადა, არაადამიანური და დამამცირებელ მოპყრობას უთანაბრდება ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო. სახალხო დამცველი განსაკუთრებით მწვავედ გამოყოფს ბედიანისა და ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.
სახალხო დამცველმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, კვლავ რჩება გარკვეული პრობლემები პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის თვალსაზრისით. ისაუბრა კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებზე, მათ უსაფრთხოებაზე, სოციალური სიდუხჭირესა და უკანონო დაკავებებზე.
ნინო ლომჯარიამ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მიმდინარე კამპანია, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მათ შორის აქციის მონაწილეთათვის კარვების გაშლის შეზღუდვის შემთხვევები შეაფასა. ისაუბრა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, კანონმდებლობისა და საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის აუცილებლობაზე, შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავებულ და გარდაცვლილ ადამიანებზე. ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წინაშე მდგარ პრობლემებზე.
სახალხო დამცველის შეფასებით, არაერთი გამოწვევის წინაშე დგას თანასწორობის უფლების დაცვა. არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით უფრო ეფექტურს გახდიდა სახალხო დამცველის მანდატს. ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, კვლავ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები რჩებიან.
გამოსვლაში ყურადღება ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების მნიშვნელობაზე, უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზების, ასევე ლტოლვილთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებზე გაამახვილა. ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობას.
გამოსვლის ბოლოს ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ უკვე ხუთი თვეა, რაც სახალხო დამცველის აპარატი ძირითადი შენობის ავარიულობის გამო, ნაქირავებ ფართში აგრძელებს საქმიანობას. ომბუდსმენმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ძალისხმევა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაცია შედეგს გამოიღებს და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გამოიძებნება მუდმივი შენობა სახალხო დამცველის აპარატისთვის.
ცნობისათვის, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შესულია 7 350 განცხადება, მათ უმრავლესობა სისხლის სამართლის საკითხებს შეეხება. განსაკუთრებით გაზრდილია მომართვიანობა რეგიონებიდან, ასევე ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატმა 11 თვის მონაცემებით მიიღო 3 395 მოქალაქე, სატელეფონო შეტყობინება დაფიქსირდა 8 089 მოქალაქისგან. ცხელ ხაზზე შემოსულია 5 158 ზარი. 11 თვის მონაცემებით გაცემულია 90 წინადადება რეკომენდაცია და მომზადებულია 11 სპეციალური ანგარიში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები