„ჩვენი მიზანი კლასიკური გიტარისადმი ინტერესის მაქსიმალური გაზრდაა“…
წლეულს კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი მეექვსედ გაიმართება. კონკურსი ორ ტურად ჩატარდება და გალაკონცერტით დასრულდება.
11 და 12 დეკემბერს, I და II ტურს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს, 14 დეკემბერს კი, „სინფონიეტა სთეიჯში“ გალაკონცერტი გაიმართება.
კონკურსის სიახლეებზე მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ასევე „საავტორო სტუდიის“ დამფუძნებელს, მუსიკოს დავით ხოსიტაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
– „საავტორო სტუდია“ კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს წელს მეექვსედ გამართავს. რა არის კონკურსის დაარსების მიზანი?
– 70-80 იან წლებში კლასიკური გიტარა საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო. თბილისში მოღვაწეობდა მრავალი კარგი პედაგოგი, რომლებსაც წარმატებული მოწაფეები ჰყავდათ. იმართებოდა კონცერტები, ღია გაკვეთილები, სატელევიზიო გადაცემები. ერთი სიტყვით, ეს სფერო საკმაოდ წარმატებულად და კარგად ვითარდებოდა.
სამწუხაროდ, ავბედითი 90-იანების პერიოდში, როდესაც, არათუ კლასიკური გიტარისთვის, არამედ ზოგადად მუსიკისთვის არავის ეცალა, მრავალი მუსიკოსი, მათ შორის პედაგოგიც, საზღვარგარეთ გადასახლდა. თბილისში თითზე ჩამოსასვლელი შემსრულებელი თუ დარჩა… აღარ ტარდებოდა კონცერტები, გიტარამ კი უფრო მეტად სუფრებსა და ესტრადაზე გადაინაცვლა. ჩვენი მიზანი იყო, ამ დანაკლისის რამენაირად შევსება და კლასიკური გიტარისადმი ინტერესის მაქსიმალურად გაზრდა.
– კონკურსი უკვე 5-ჯერ გაიმართა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს კონკურსი და რას იტყოდით ახალ სახელებზე?
-კონკურსმა შემოიკრიბა კლასიკური გიტარის შემსრულებლები და მოყვარულები. ისეთმა მუსიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა, ვისაც უკვე დანებებული ჰქონდა გიტარაზე დაკვრისთვის თავი და ეს სტიმული აღმოჩნდა, რათა საყვარელ საქმეს დაბრუნებოდნენ.
მოხდა საკუთარი ნაშრომისა და შემოქმედების გაზიარება. ბოლო პერიოდში „საავტორო სტუდიამ“ აქცენტი მოსწავლეებზე გადაიტანა, რადგან მომავალი თაობის აღზრდა და დაინტერესება უფრო პრიორიტეტულად მივიჩნიეთ. კონკურსს სომხეთიდან ჩამოსული მუსიკოსებიც შეუერთდნენ და ამან მოგვცა საშუალება, დაგვენახა, თუ რამდენად ბევრი აქვთ ჩვენს მუსიკოსებს სამუშაო, რათა მაღალ პროფესიონალურ დონეს მიაღწიონ.
– რით იქნება განსხვავებული წლევანდელი კონკურსი წინა კონკურსებისგან?
-კონკურსის ყოველი წელი გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ, თუ რამდენად გაიზარდა ესა თუ ის მუსიკოსი ან რამდენად დაიხვეწა. ჩვენ ვიცით, რომ გასულ წლებთან შედარებით, ჩვენი კონკურსანტები უფრო უკეთ ასრულებენ მუსიკას.
– ვინ იქნებიან ჟიურიში? რა განსაკუთრებული პრიზები გაიცემა?
– ჟიურის წევრები იქნებიან კონკურსის დამფუძნებლები – გიორგი ქერელაშვილი, ვაჩე ლალიაშვილი, ნინო ჯანჯღავა და მე – დავით ხოსიტაშვილი. როგორც ყოველთვის, ჩვენს გვერდით იდგება „მუსიკის სახლი“, რომელმაც ამჯერადაც „ალჰამბრას“ ფირმის გიტარა დააწესა პრიზად. ასევე ქვეყნის (თამამად შეიძლება ითქვას, ამიერკავკასიის რეგიონისაც) საუკეთესო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, რომელიც ტრადიციულად აწესებს ხოლმე საკუთარ პრიზს, რაც ითვალისწინებს გამარჯვებულ მუსიკოსებთან ერთად კონცერტების შესრულებას.
– კონკურსი ტრადიციული გახდა. რამდენად პოპულარულია ეს კონკურსი?
– ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ კლასიკური გიტარისადმი ინტერესი ჯერაც არ გამხდარა ისეთი, როგორიც ეს გასული ათწლეულების მანძილზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გიტარისტები მთელი წლის მანძილზე ემზადებიან ამ ღონისძიებისთვის, ჩვენ უფრო მეტ ჩართულობას და ინტერესს ვისურვებდით. რომ არა ჩვენი ერთგული მხარდამჭერები -„მუსიკის სახლი“, კონსერვატორია, რომელიც კონკურსის ჩასატარებელ ფართს გვითმობს ხოლმე და „სინფონიეტა“, ალბათ მოგვიწევდა კონკურსის შეჩერება. ჩვენ ვისურვებდით, რომ კლასიკური გიტარის მიმართ ინტერესი სხვა ორგანიზაციებსაც გამოეჩინათ. ეს კიდევ უფრო მეტად განავითარებს და წინ წასწევს ამ სფეროს.
– კონკურსის მიზანია საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა და კულტურული მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება… რამდენად ერთვებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდები?
– ბოლო რამდენიმე წელია კონკურსს არ ტოვებენ სომეხი გიტარისტები. ისინი სისტემატურად ჩამოდიან და ხშირად იმარჯვებენ კიდეც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი კონკურსის მეგობარი, შესანიშნავი გიტარისტი – ჟორა სარგსიანი, რომელიც რამდენიმე წელია მხარში უდგას კონკურსს და საკუთარი მოწაფეებიც ჩამოჰყავს ხოლმე საქართველოში.
– კიდევ რომელ მხარდამჭერებს და მათ წვლილს აღნიშნავდით?
– როგორც უკვე აღვნიშნე, „მუსიკის სახლი“ ძალიან დიდ როლს ასრულებს კონკურსის არსებობისათვის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი მაღალი დონის ორკესტრის გვერში დგომა, როგორიც „სინფონიეტაა“ და მე მათ უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადო. ასევე არ მინდა მადლობის გარეშე დავტოვო სახელმწიფო კონსერვატორია და მისი რექტორი, ბატონი რეზო კიკნაძე, რომელიც დაარსების დღიდან შეძლებისდაგვარად გვერდში გვედგა და ამ წუთამდე ჩვენი გულშემატკივარია.
მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ რადიოს და მის პროდიუსერს ეკა ტალახაძეს, რომელიც სისტემატურად აშუქებს ჩვენს კონკურსს. არ მინდა დამავიწყდეს გიტარის პედაგოგისა და გიტარისტის, ბატონ ვაჟა კალანდაძის ღვაწლი.
დიდი მადლობა ტატო, ჯინჯიხაძეს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა კონკურსის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებული მადლობა დავით და ნიკა კვარაცხელიებს, რომლებიც გერმანიიდან ახერხებენ ჩვენი კონკურსის მხარდაჭერას. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა პორტალ „კვირას“, რომელიც ჩვენი კონკურსის მედიაპარტნიორია.
თამარ შაიშმელაშვილი