Financial Times სალომე ზურაბიშვილის სტატიას აქვეყნებს: არჩევნებში ჩემს გამარჯვებას ევროპისა და დასავლეთის გამარჯვებად ვაფასებ

ღირებულებების დასაცავად საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, – ამ სათაურით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ავტორობით წერილს აქვეყნებს.
წერილში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წერს, რომ მის წინაპრებს საქართველოს მიტოვება წითელი არმიის ოკუპაციის გამო მოუწიათ და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქვეყნის დატოვებისა, მათ არასდროს დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული და იმედი, რომ საქართველო კვლავ დემოკრატიული გახდებოდა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის პროგრესი რთული მონაპოვარი იყო.
„არჩევნებში ჩემს გამარჯვებას ევროპისა და დასავლეთის გამარჯვებად ვაფასებ. საქართველო კავკასიაში დემოკრატიის დასაყრდენი და ევროპისა და აშშ-ის ერთგული სამხედრო მოკავშირეა. თუმცა, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი, ეს 2008 წლიდან ასეა. ჩვენ გვჭირდება დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა, რათა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დიპლომატიური გზით აღვადგინოთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის თქმით, ის დიპლომატი „ცივი ომის“ პერიოდში გახდა და მიიჩნევს, რომ იგივე ბრძოლა ახლაც გრძელდება. მისი თქმით, კონფრონტაციული რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას და შუღლს თესავს.
„ევროპული ფესვების მქონე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის რანგში განვაგრძობ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩრდილოელი მეზობლის დესტაბილიზაციური ზეგავლენისგან. მე ვიბრძოლებ დემოკრატიისთვის და შევეცდები, გავათავისუფლო ეს ქვეყანა ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან. მე დავიცავ ჩემს ერს და მის ლიბერალურ ფასეულობებს“, – წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები