სოფო კილაძე: გაეროს ბავშვთა ფონდი არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვის კოდექსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს. მათ, ასევე, ისაუბრეს პროექტ „ავრორას” შესახებ, რომელიც იუნისეფის დახმარებით რუმინეთში ხორციელდება და ოჯახების გაძლიერებას და დაცვას ემსახურება.
სოფო კილაძემ სტუმარს გააცნო საკუთარი ინიციატივა, მსგავსი პროექტის საპილოტე ვერსიის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თავის სამაჟორიტარო ოლქში გეგმავს. პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყველა პრობლემურ ოჯახს ეხმარებიან იმ სირთულეების დაძლევაში, სადაც სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს და სხვადასხვა სერვისების გამოყენებით თავისი დადებითი როლი ითამაშოს მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. ეს იქნება სიღარიბის დაძლევა, ოჯახში ძალადობა, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა.
სოფო კილაძის თქმით, პროექტ „ავრორასთან” ძალიან კარგად შეიძლება სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დაკავშირება, რომლის რეფორმაც ცოტა ხნის წინ დაიწყო საქართველოში.
“იუნისეფის წარმომადგენელთან საქართველოში განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, რომელთაც ერთობლივად ვგეგმავთ მომდევნო წლის განმავლობაში. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იუნისეფი არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში. იუნისეფის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს, ღასან ხალილს ამბიციური გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით, რაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, სწორ შედეგებში გამოიხატება ბავშვთა დაცვის მიმართულებით”, – განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები