სპეციალური პენიტენციური სამსახური „რუსთავი 2“-ის სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

სპეციალური პენიტენციური სამსახური გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მასში მოყვანილი, საბადრაგო სამსახურთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია.
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საუბარია იმ სიუჟეტზე, რომლის თანახმადაც, ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი გ.მ. სასამართლოდან გამოყვანისას „ბადრაგმა“ კონკრეტულ პიროვნებას შეახვედრა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი სასამართლოში მიყვანის მომენტში არ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და მას სასამართლოში საბადრაგო სამსახურის თანამშრომელი ვერ მიიყვანდა. რაც შეეხება მისი სასამართლოდან გამოყვანის მომენტს, ბრალდებულ გ.მ.-ს არც ამ დროს დახვედრია საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელი, რადგან, ზოგადი წესის მიხედვით, ბრალდებული პირი მხოლოდ მას მერე ხვდება პენიტენციური სამსახურის, და შესაბამისად, საბადრაგო სამსახურის სისტემაში, რაც მას შესაბამისი ორგანოები პენიტენციურ დაწესებულებაში წარადგენენ.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პიროვნება, რომელიც დასახელდა, რომ იყო თითქოს ბადრაგი, ფორმას არ ატარებდა. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები კი სამსახურეობრივ მოვალეობას მუდამ ფორმაში ასრულებენ.
რაც შეეხება, სიუჟეტში მოხვედრილ საბადრაგო სამსახურის მანქანას, განვმარტავთ, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 5 დეკემბერს იმართებოდა რამდენიმე სასამართლო პრეცესი, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების საბადრაგო სამსახურის მიერ 5 ბრალდებულის – კ.ნ., ო.ნ., პ.თ., ტ.თ. და დ.ა. – ბადრაგირება განხორციელდა. მოცემულ პატიმრებსა და მათ თანმხლებ ბადრაგებს საბადრაგო სამსახურის მანქანა ელოდებოდა სასამართლოს ეზოში, მაგრამ, როგორც ზევით აღინიშნა, ამ მანქანას ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი