პირს, რომელიც ნაქირავებ ბინაში მკვლელობისთვის ძებნილს მალავდა პატიმრობა შეეფარდა

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს დაკავებულ გ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც “კვირას” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში გ.ბ.-ს დროებით ნაქირავებ ბინაში თავს აფარებდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი ვ.კ., რომელმაც 2017 წლის 24 ივნისს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას 1 კვარტალში, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა გ.ფ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვ.კ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
გ.ბ.-მ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ვ.კ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, თავისი აქტიური მოქმედებით, მას 2018 წლის 10 ოქტომბრამდე დროებით ნაქირავებ ბინაში მალავდა.
სამართალდამცველებმა ვ.კ. გ.ბ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ცალი „პისტოლეტი“, 3 ცალი მჭიდი, 33 ვაზნა და ჯავშანჟილეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
2018 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.ბ.-ს საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდა და სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცა არსებითად განსახილველად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები