შსს-მ ქვემო ქართლში მუსლიმი მოლის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლში მუსლიმი მოლის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.
ასევე, შს სამინისტროს ცნობით, ე.ს.-მ სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ყელი სტკიოდა, პოლიციის შენობა დატოვა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა.
“მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ე.ს. და განაცხადა, რომ თანასოფლელთან,1986 წელს დაბადებულმა მ.გ.-თან მოუვიდა შელაპარაკება და მ.გ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ე.ს.-მ სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ყელი სტკიოდა, პოლიციის შენობა დატოვა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემდეგ, ე.ს.-მ, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების საფუძველზე უკვე დაწყებული იყო გამოძიება, 112-ზე დამატებით რამდენიმე შეტყობინება გააკეთა მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს პირი, რომელსაც ე.ს. ცემაში ადანაშაულებს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“,- ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ელდანიზ სადიგოვს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. მოლა ფიზიკურ ანგარიშსწორებას მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას უკავშირებს, სადაც ის პოლიციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მისი სახლის ძარცვაში დამნაშავე პირების დაკავებას ითხოვდა. მამაკაცი, რომლსაც მოლა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს მისივე თანასოფლელი მირალ გასანოვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები