შსს: დაკავებულის საპატიმროში გადაყვანის დროს სამართალდამცველების ავტომობილი სამსახურეობრივი ტექნიკური მიზეზით შეჩერდა

სოფელ ფოკაში, 3 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალციხის სასამართლომ გალუსტ მკრტიჩიანს, რომელმაც თავისი მეგობარი ხაჟიკ ტოროსიანი მოკლა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, პროცესის შემდეგ ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთ მანქანასთან შეჩერდა და იქ მყოფ პირს ელაპარაკებოდა. მათივე ცნობით, შსს-ში ამბობენ, რომ იქ მყოფებს შორის, მათი თანამშრომელიც იყო, რომელსაც სამართალდამცველებმა გარკვეული დოკუმენტაცია გადასცეს.
აღნიშნული საკითხის გადასამოწმებლად “კვირა” შს სამინისტროს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელს ჰქონდა დოკუმენტები, რომელიც დაკავებულის თანმხლებ პოლიციის თანამშრომლებს გადასცა, რის შემდეგაც ავტომობილმა სვლა შეუფერხებლად განაგრძო. მათივე თქმით, აღნიშნული პირი, გ.მ-ს პროცესსაც ესწრებოდა.
“დაკავებული გ.მ-ს ახალციხის სასამართლოდან საპატიმროში გადაყვანის დროს ავტომობილი სამსახურეობრივი ტექნიკური მიზეზით შეჩერდა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელს ხელთ ჰქონდა სამსახურეობრივი დოკუმენტაცია, რომელიც გადასცა დაკავებულის თანმხლებ პოლიციის თანამშრომლებს. დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, ავტომობილმა სვლა შეუფერხებლად განაგრძო. რაც შეეხება ერთ-ერთი ტელეკომპანიით გავრცელებულ ვიდეომასალას, მასშიც ნათლად ჩანს, რომ პირი, რომელიც სამინისტროს თანამშრომელია, სასამართლო განხილვამდე მიჰყვება დაკავებულს, ესწრება პროცესს და შემდეგ ტექნიკური მიზეზით, კომუნიკაცია აქვს უკვე ქალაქის ქუჩაში თავისივე თანამშრომლებთან”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები