ოთარ დანელია საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრას დელეგაციის მხრიდან მოჰამად ჯაფარ არიფი, ემრან მოჰამად არიფი, მოთაზ მოჰამად არიფი, ფაჰად ალ-ობაიდი, აბდალლაჰ ბაჰამეშან, ფარეს ბუჰამაიდანი, ჰათთან ალ-ნაჰარი, თებიან ალ-ქასსიმი, ალექსანდერ ბონდარენკო და ზალიმკჰან დადაევი ესწრებოდნენ.
ოთარ დანელიას განცხადებით, დელეგაციის წარმომადგენლების ძირითად ინტერესს სოფლის მეურნეობა, ეკოტურიზმი და აგროტურიზმი წარმოადგენს. ისინი ამ მიმართულებით აბაშის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტუმრები იანვარში აბაშის მუნიციპალიტეტს ეწვევიან, სადაც დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია მოეწყობა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მომავალ წელს დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მიიწვია, სადაც მათ ქართული ბიზნესგარემოს უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ.
„საქართველოს მეწარმეთა უმეტესი ნაწილი ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათებს ვაწესებთ, რადგან ჩვენი მიზანია ქვეყანაში ბიზნესს ხელსაყრელი, სტაბილური და უსაფრთხო გარემო ჰქონდეს”,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები