სოფელ ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის შუამდგომლობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამის შესახებ “კვირას” საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.
“ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის ცენტრში, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გ.მ.-მ მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხ. ტ.-ს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მიყენებული დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა. გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 3 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ბრალდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები