ბრალდებულ “დონბასის”  მებრძოლებს საქართველოდან უკრაინაში დასაბრუნებელი ბილეთები არ ჰქონდათ

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული ვიზით ჩამოვიდნენ და სპეცოპერაცის დროს დააკავეს, უკან დასაბრუნებელი ბილეთები არ ჰქონდათ – ამის შესახებ „კვირას“ ბრალდებულების ადვოკატმა გიორგი როსტომაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, დაკავებული პირები სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთების დაჯავშნას თბილისიდან აპირებდნენ. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ბრალდებულები უკრაინიდან საქართველოში 30 ნოემბერს ჩამოვიდნენ და საზღვრის კვეთის შემოწმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს.
„ბრალდებულებიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენები უკრაინის მოქალაქეები არიან. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მათ სასტუმრო თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაჯავშნეს. ისინი ტურისტული მიზნით იყვნენ ჩამოსულები. ლუკა ჩხეტია ზუგდიდში აპირებდა გამგზავრებას, როლანდ მელია კი, აბაშაში მამის საფლავზე გეგმავდა ჩასვლას,“ – განუცხადა „კვირას“ ადვოკატმა გიორგი როსტომაშვილმა.
მისივე თქმით, იგი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით,  კანონის შესაბამისად, 48 საათში გაასაჩივრებს.
პროცესზე შვიდივე ბრალდებულს ადვოკატი გიორგი როსტომაშვილი იცავდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და მას ფაბრიკაციას უწოდებენ. ამასთან,  შვიდივე ბრალდებული დაკავების პირველივე წუთებიდან დუმილის უფლებას იყენებდა,  გუშინ კი მათ შიმშილობა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ სასამართლო პროცესს უკრაინის რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკო მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, სემიონ სემენჩენკოს გვარ-სახელი საქმის მასალებში საერთოდ არ ფიგურირებს. როსტომაშვილი ამბობს, რომ უკრაინის რადას დეპუტატი მოკვლევის პროცესში არც მოწმის სახით დაუკითხავთ.
ცნობისათვის, ორი დღის წინ, მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში რადას დეპუტატმა და ბატალიონ “დონბასის” ყოფილმა მეთაურმა დაადასტურა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს პოლონეთში შეხვდა, თუმცა, კატეგორიულად უარყო ფაქტი, რომ მათ შეხვედრას ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებთან რაიმე კავშირი ჰქონდა. სემენჩენკომ აღნიშნა, რომ სააკაშვილთან კონსულტაცია „იუთუბიზე” ოპოზიციური არხის შექმნის თემაზე ჰქონდა.
“გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში, თუ დეკემბერში  პოლონეთში სააკაშვილს ნამდვილად შევხვდი. რაც შეეხება თემას, განვიხილავდით, რომ უკრაინაში „იუთუბიზე” ოპოზიციური არხის შექმნა სურდა, სადაც მივიწვევდით  პოლიტიკოსებს, რომლებიც საინტერესოდ ისაუბრებდნენ, მაგალითად ბაბიცკაიას”, – განაცხადა სემენჩენკომ.
ასევე ცნობილია, რომ რადას დეპუტატმა თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე ბრალდებულები სასტუმროში მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.
წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს გაიმართება.
ამ ეტაპზე, უპასუხოდ რჩება კითხვა, დაემთხვა თუ არა უკრაინიდან საქართველოში 7 პირის ვიზიტი ‘ნაციონალური მოძრაობის”  აქციის დღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები