“იარაღი ჰქონდათ”, – ნათია მეზვრიშვილი უკრაინელების დაკავების შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გადაცემა „პირისპირში” ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის მოქალაქეების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უწყების წარმომადგენლებს მათთვის იარაღი არ ჩაუდიათ.
„მე შევეცდები ის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი. ფაქტი ერთია, რომ ეს ადამიანები დღეს დაკავებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით – 236-ე მუხლზე ვსაუბრობ – ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. მათ უკვე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ეს არის კონკრეტული ბრალდება, რომელსაც მათ სახელმწიფო ედავება. ამის მიღმა, შემიძლია ასევე გითხრათ, რომ დიახ, საგამოძიებო ორგანოს აქვს გარკვეული ეჭვები იმ კავშირების შესახებ, თუმცა არ მინდა, რომ მოვლენებს გავუსწრო. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვამოწმებთ. ამ გარემოებებს ვადგენთ. მათ შორის, ჩვენ ეს ეჭვები გაგვაჩნია თვითონ ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და შესაბამისი გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით, ამიტომ ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ, დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და როგორც კი ფაქტი იქნება დადასტურებული, ბუნებრივია, საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ.
ბრალდების წარდგენა ზოგადად ხდება მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. ეს დაცვის მხარის სტრატეგიაა და დაცვას უფლება აქვს, ნებისმიერი საშუალებით დაიცვას თავი, მათ შორის განაცხადოს, რომ იარაღი ჩაუდეს, თუმცა ამისთვის არსებობს სასამართლო. ჩვენ ვართ ბრალდების მხარე, ჩვენ ვაცხადებთ, რომ არა, იარაღი არ ჩაგვიდია, იარაღი ჰქონდათ და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით ამოვიღეთ – ამაში ედებათ ბრალი. ბრალი ედებათ იმაში, რომ უკანონოდ ფლობდნენ ამ ყველაფერს და დანარჩენს უკვე, ბუნებრივია, გაარკვევს სასამართლო. ეს არის დაცვის მხარის პოზიცია, რის უფლებაც მათ აქვთ, თუმცა, ჩვენ ამას არ ვადასტურებთ,- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები