პროკურატურა მეგის ქარდავას შინაპატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უკრაინაში დაკავებული, საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვალსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩილინგარაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს პროკურატურამ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს თავის დროზე ყველა შესაბამისი მასალა მიაწოდა და მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მისთვის შინაპატიმრობის გამოყიენების გარემოებები განმარტა.
„ეს ადამიანი პარალელურად თავშესაფარს ითხოვს უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, როდესაც პირი თავშესაფარს ითხოვს, მისი ექსტრადაციის საკითხის განხილვა ჩერდება და იუსტიციის სამინისტრო ელოდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას სანამ თავშესაფრის პროცედურები ამოიწურება. ასევე უკრაინული კანონმდებლობის თანახმად საექსტრადაციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა ერთი წელია, რისი გასვლის შემდეგ პირი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ვინაიდან ლტოლვილობასთან და თავშესაფარის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პროცედურები არ იყო დასრულებული, უკრაინის კომპეტენტურმა ორგანოებმა მეგის ქარდავა საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს და მის მიმართ გამოყენებულია შინა პატიმრობა“- განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ქარდავას მიმართ გამოყენებული შინაპატიმრობა ასევე გულისხმობს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგალითად გადაადგილებასთან დაკავშირებით. ასევე აქვს ვალდებულება, საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდეს კონკრეტულ საგამოძიებო უწყებაში და ასე შემდეგ… „ამის ერთადერთი მიზანი სწორედ ის იყო რომ არ ამოწურულიყო საექსტრადიციო პატიმრობის ვადა სრულად და მას შემდეგ, რაც ლტოლვილობასთან, თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პროცედურები დასრულდება, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შეეძლება ეს ადამიანი კვლავ აიყვანოს პატიმრობაში. აქედან გამომდინარე ერთადერთი მიზეზი მისი გათავისუფლების არის ის, რომ შემდგომში როდესაც უკვე შესაძლებელი იქნება საექსტრადიციო პროცედურების განხილვა, ექსტრადიციის განმხილველ ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა, მეგის ქარდავა კვლავ აიყვანოს პტიმრობაში და უკვე სრულყოფილად განიხილოს მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი. სწორედ ეს იყო მიზეზი ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლების და მის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენების“ – აღნიშნა სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა. ირაკლი ჩილინგარაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურა უკრაინელ კოლეგებთან როგორც ამ საკითხზე, ასევე ნებისმიერ საქმეზე აქტიური კომუნიკაციის რეჟიმშია. „უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ჩვენი მხრიდან მიეწოდა ყველა საექსტრადიციო მასალა რაც შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, როგორც მოგეხსენებათ მეგის ქარდავა 11 სისხლის სამართლის საქმეზე ზოგ შემთხვევაში მსჯავრდებული, ზოგ შემთხვევაში კი ბრალდებულია. ამ საქმეებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია, რაც საჭიროა და რაც გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებებით, მიწოდებული აქვს უკრაინულ მხარეს. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ჩვენგან არ მოუთხოვია დამატებითი დოკუმენტაცია, რაც აპრიორი გულისხმობს იმას, რომ ყველა დოკუმენტაცია იყო სრულყოფილად მიწოდებული“ – განაცხადა ჩილინგარაშვილმა და კითხვაზე, ხომ არ გაიწელება დროში აღნიშნული პროცედურები განმარტა, რომ ეს დამოკიდებულია ჩანიშნულ სასამართლო სხდომებზე და წინასწარ განსაზღვრა, თუ როდის დასრულდება თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები, რთულია. „ამის თაობაზე ჩვენ ინფორმირებული ვართ ჩვენი უკრაინელი კოლეგების მიერ თუმცა უნდა ავღნიშნო რომ ჩვენი კოლეგები აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან და მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცედურები რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მეგის ქარდავა რაც შეიძლება მალე წარდგეს ქართული მართლსაჯულების წინაშე“, – აღნიშნა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები