ნინოწმინდაში, 33 წლის მამაკაცი შურისძიების მოტივით თანასოფლელმა მოკლა-ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში მომხდარი 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
„სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ. წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო და შურისძიების მოტივით თანასოფლელი ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
სამართალდამცველებმა გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შს სამინისტროში.
მათივე ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.