თებერვლიდან „მეტროპოლიტენს“ ოთხი შემადგენლობა დაემატება

„თებერვალში „მეტროპოლიტენს“ კიდევ ოთხი შემადგენლობა დაემატება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„მიმდინარეობს და დაგეგეგმილია, ჯამში, 22 მეტროსადგურის რეაბილიტაცია; სექტემბერში „მეტროპოლიტენს“ დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, ხოლო თებერვალში კიდევ ოთხი შემადგენლობა ემატება; 2018-2021 წლებში თბილისის „მეტროპოლიტენს“ ჯამში დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა; მოცდის რეჟიმი შემცირდა; უკვე გაიზარდა მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი.
საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს განვითარებას იწყებს; დედაქალაქს შვიდი ახალი მეტროსადგური დაემატება; დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს; ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; შეირჩევა მეტროს ხაზით რუსთავთან დაკავშირების ოპტიმალური მარშრუტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით ახალ მარშრუტებზე წვდომა 260 000 მოქალაქეებს გაუჩნდება.
„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს მიმართულებით, ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა იწყება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება დედაქალაქის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით კი, ახალ მარშრუტებზე წვდომა 260 000 მოქალაქეებს გაუჩნდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ამ მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ სხვა სიახლეებს, კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაუქმდა და პარკირების მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა; ამოქმედდა თბილისის პარკინგის მომსახურების სერვის ცენტრი; გამოიცვალა პარკინგის 9000 ნიშანი; დაიხაზა და კეთილმოეწყო 8 000 კვ.მ პარკირების ადგილი.
მიმდინარე წელს, ასევე, ტაქსით მომსახურებაზე ნებართვის გაცემა დაიწყო; ეტაპობრივად მიმდინარეობს ტაქსების სტანდარტიზების პროცესი; ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების მიზნით დაწესდა შეღავათები – ჰიბრიდული ავტომანქანის შემთხვევაში, ნებართვის მოსაკრებელი ნახევრდება, ხოლო ელექტროტრანსპორტის შემთხვევაში, სანებართვო მოსაკრებლისგან სრულად ათავისუფლებს.
„როდესაც ტაქსების რეფორმაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ რა შეღავათებს მიიღებენ ტაქსის მძღოლები თბილისის მერიისგან. რეგისტრაციაგავლილი ტაქსებისთვის, უკვე გამოიყო სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები. ნებართვის მფლობელი ტაქსის მძღოლები გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან. ავტომანქანებზე ასევე, გამოიყოფა სარეკლამო ადგილები. მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშნები, ქიმწმენდისა და ღებვის ვაუჩერები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელების შედეგად, დედაქალაქში სუფთა და მოწესრიგებული ტაქსები იმოძრავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები