ქეთევან ციხელაშვილი: ებრაელები ყოველთვის იყვნენ ჩვენი სახელმწიფოს გამორჩეულად ერთგული მოქალაქეები

ქართველებსა და ებრაელებს სრულიად უნიკალური, 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ეროვნულ დონეზე უკვე ვაღიარეთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა და ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობა სამაგალითოა.
„მინდა თითოეულ ებრაელ თანამოქალაქესა და ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მივულოცო. ეს ბრწყინვალე დღესასწაული მნიშვნელოვანი სიმბოლოა სიკეთის, სამართლიანობისა და ბოროტებაზე გამარჯვების. მინდა მათ, თითოეულ ოჯახს და მთელ ჩვენ სამშობლოს ვუსურვო ბოროტებასა და ყოველგვარ გამოწვევაზე გამარჯვება, მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი.
ქართველებსა და ებრაელებს სრულიად უნიკალური, 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ეროვნულ დონეზე უკვე ვაღიარეთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ახლა იგი იუნესკოშია წარდგენილი. ეს ურთიერთობა, თავისი ხასიათით, მართლაც არის უნიკალური, სამაგალითო და სიმბოლო იმისა, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს – მრავალეროვან, მრავალკულტურულ, მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილს თითოეული თანამოქალაქისათვის. ებრაელები ყოველთვის იყვნენ ჩვენი სახელმწიფოს გამორჩეულად ერთგული მოქალაქეები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილი თბილისის დიდ სინაგოგაში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები