შსს ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით: ჩხრეკისას, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩხრეკისას, ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენენ, არიან თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

„გაცნობებთ, რომ დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა” და „ალიანსში” ჩაატარა. დაკავებული არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას, ამოღებულია “ბერეტას” და “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ამ ეტაპზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში, მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენენ არიან თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები