ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სპეციალიზებული პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე სპეციალიზებული პროკურორები და მოსამართლეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში სტამბოლის კონვენციის სტანდარტების დანერგვისას არსებული მიღწევები და გამოწვევები, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეები, მტკიცებულებათა შეგროვება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსამართლეთა და პროკურორთა ერთობლივი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობას, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მოსაზრებების გაზიარებას, საერთო მიმართულებების დასახვას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან ეფექტიან ბრძოლას.
შეხვედრის მეორე ნაწილში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმები შეაჯამა.
შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის ,,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის“ ფარგლებში გაიმართა. ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები