ნუკრი ქანთარია „ნაციონალების“ დაგეგმილ აქციაზე: ეს არის უფრო ხელების ქნევა ჩხუბის შემდეგ

ეს არის უფრო ხელების ქნევა ჩხუბის შემდეგ, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციის მიერ კვირას დაგეგმილი აქცია.
მისი თქმით, არჩევნებზე გარკვეული ხარვეზები იყო, მაგრამ ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
„რაც შეეხება ჩვენი ოპოზიციის გუშინდელ გარკვეულ ქადილს. ოპოზიასაც ვერ დავარქვემ, ხალხს, რომელსაც სურვილი აქვს ისევ, როგორმე დაბრუნდნენ ძალაუფლებაში ნებისმიერი ხერხებით, ეს არის უფრო ხელების ქნევა ჩხუბის შემდეგ. გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი. ეს რომ იყოს 1%, 2%, კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, მაგრამ როდესაც 20%-მდეა სხვაობა, აქ არის აბსოლუტურად გამორიცხული, ყოველგვარ გაყალბებაზე ლაპარაკი. თუმცა, ხარვეზები, ყველამ ვიცით, რომ ყველა არჩევნებს ახლავს. აქ წვრილ-წვრილი ხარვეზები ნამდვილად იყო, იყო გარკვეული გადაცდმოებიც ორივე მხრიდან, მაგრამ ამას შედეგზე გავლენა არ ჰქონია. ეს ხარვეზები აღმოსაფხვრელია და 2020 წლისთვის დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს კანონები დაარეგულირებს.
არჩევნების შედეგს ვერ წაუვალთ. ის შედეგი, რაც დადგა, იყო ძალიან შთამბეჭდავი. ახლა იწყება სხვა ეტაპი. საქართველოს მოსახლეობამ იგრძნო ხიფათი, გამოვიდა და მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. უკვე ჯერი არის მმართველ პარტიაზე: დაიწყოს ტენდენცია იმისა, რომ იყო მკვეთრი ცვლილებები, რა მოთხოვნებიც არის საზოგადოებაში. ბუნებრივია, რომ ეს ძალა შეუშლის ხელს ამას, მაგრამ მგონია, რომ ეს არის ერთგვარი მობილიზაციისთვის იმ 40 %-ის, ახლა ცდილობენ ამის მობილიზებას. თორემ არავინაა იქ თავზეხელაღებული, რომ ადგეს და კანონის ზღვარს იქით რაღაც გადაცდომები ჩაიდინოს, იცის სადაც ამოყოფს თავს. არცერთი არ არის იქ სახალხო ლიდერის უნარით აღჭურვილი ადამიანი. კვირას როგორც შეიკრიბებიან, ისევე დაიშლებიან“, – განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების შესახებ მოთხოვნა თითიდან გამოწოვილია.
„წელიწად-ნახევარზე ცოტა მეტია დარჩენილი, რა დროს ვადამდელი არჩევნებია. მჯერა 2020 წლისთვის ჩვენს მოსახლეობას ფართო არჩევანი ექნება, უფრო მრავალფეროვანი არჩევნები იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი ხელისუფლებაში ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ქანთარიამ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ კვირას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ხელისუფლებამ გაიგოს საზოგადოების ხმა.
​ვაშაძის შეფასებით, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა.
როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კვირას დაგეგმილი აქცია მშვიდობიანი იქნება. მისი თქმით, ის არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმაციას და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები