“17:00 საათისთვის ცესკოში 171 საჩივარი შევიდა”
ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00-ისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 171 საჩივარი შევიდა. მისივე თქმით, მათი ძირითადი ნაწილი დაწერილია გადასატან ყუთთან დაკავშირებით, უბანზე აგიტაციის შესახებ, წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, მარკირების პროცედურებზე, საარჩევნო უბნიდან გაძევებაზე და ა.შ.
როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, საჩივრებს კანონით დადგენილ ვადებში შეისწავლიან.
ცესკოს პრეს-სპიკერმა გამართულ ბრიფინგზე ყურადღება კონკრეტულ შემთხვევაზეც გაამახვილა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ცესკოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიაწოდა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულის #49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, სავარაუდოდ, ორჯერ მისცა ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის დადასტურების შემთხვევავში, ცხადია ეს არის არსებითი ხასიათის დარღვევა და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ ვადებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას,“- განაცხადა ანა მიქელაძემ.