პოღოსიანი: ჩვენი ამოცანაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, ვინ რაზე დავობს, არ განგვიხილავს
ჩვენი ამოცანაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, ხოლო ვინ რაზე დავობს, ეს საკითხი არ განგვიხილავს, – ამის შესახებ სომხეთის კულტურის მინისტრმა ჰასმიკ პოღოსიანმა განაცხადა. მინისტრმა დღეს მოინახულა სურბნიშნის ეკლესია, რომელიც საქართველოსა და სომხურ მხარეს შორის სადავოა. ჰასმიკ პოღოსიანთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და კულტურის მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ მოინახულეს.
როგორც სომხეთის კულტურის მინისტრმა განაცხადა, საქართველოში მისი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხურ-ქართული კულტურული თანამშრომლობის ყველა ასპექტი განიხილება.
“გუშინ კულტურის ორმა მინისტრმა პირველად ერთმანეთს ანგარიში ჩავაბარეთ, თუ რა გავაკეთეთ და რისი გაკეთება ვერ შევძელით. ურთიერთთანამშრომლობის განვითარების დინამიკა სახეზეა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმ ფაქტით, რომ დღესდღეობით გარდა ოფიციალური თანამშრომლობისა, სახელმწიფო დონეზე ძალიან გააქტიურდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობა. ესაა ფაქტი, რომელიც ძალიან გვახარებს. რაც შეეხება კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ მათ შენარჩუნებაზე ევროპული კონვენციის ფარგლებში, რომელიც კულტურული ძეგლების დაცვას ითვალისწინებს და რომელზეც მიერთებულია როგორც საქართველო, ისე სომხეთი, ანუ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ძეგლების შენარჩუნებაზე, ვინ რაზე დავობს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის“, – განაცხადა ჰასმიკ პოღოსიანმა.
პოღოსიანის თქმით, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი ზუსტად ისეთივე მიდგომაა, როგორც საქართველოში სომხური ძეგლებისადმი.
“ჩვენთან მუშაობს სპეციალისტების ერთობლივი სომხურ-ქართული სამუშაო ჯგუფი, რომელთაც ერთი ამოცანა აქვთ – შეინარჩუნონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ზუსტად იმ ისტორიული სახით, რომლითაც ისინი ჩვენს დრომდე მოვიდნენ. ამ პრინციპის ერთგულები ვართ და ვფიქრობთ, ამავე ფორმატში გავაგრძელებთ თანამშრომლობას. სომხეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია იმავე რეჟიმში ხდება, როგორც საქართველოში”, – განაცხადა ჰასნიკ პოღოსიანმა.