კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა ექიმების ვინაობა 1 დეკემბერს დაჯილდოების გრანდიოზულ ღონისძიებაზე გაირკვევა

თბილისი: 1 დეკემბერს, სასტუმრო „ჰუალინგში“ სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „Therapia საქართველოსა” და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ადამიანის ინსტიტუტის” ორგანიზებით, ახალგაზრდა ექიმების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
პრემია მიენიჭებათ ახალგაზრდა ექიმებს, 40 წლის ასაკამდე, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი სამედიცინო განათლება და პრაქტიკული საექიმო საქმიანობის სტაჟი, არანაკლები 5 წლისა. პრემია შედგება ფულადი ჯილდოსაგან, წარჩინების ნიშნისა და დიპლომისაგან.
პრემიის კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს კომპეტენტური და მიუკერძოებელი ჟიური, რომელიც ჭეშმარიტად ღირსეულ ექიმებში პრემიის ლაურეატებს გამოავლენს და ფართო საზოგადოებას წარუდგენს.
ჟიურიმ გადაწყვეტილება ერთთვიანი მუშაობის შედეგად მიიღო. გამარჯვებული ექიმების ვინაობას საზოგადოება 1 დეკემბერს, გრანდიოზულ ღონისძიებაზე გაიგებს. ჯილდო, რომელიც ექიმებს გადაეცემათ, მოქანდაკემ სპეციალურად კიევში შექმნა.
ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ქეთევან ნემსაძის თქმით, „პრემია „ღირსების გზა 2018“ მნიშვნელოვანი სიახლეა ქართულ მედიცინაში და ემსახურება ახალგაზრდა ექიმებისთვის სტიმულის მიცემასა და წახალისებას.
მისივე თქმით, ახალგაზრდა ექიმების პროფესიული განვითარების წახალისებისთვის, მსგავსი პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“პრემია „ღირსების გზა“ წარმოადგენს ქართული მედიცინის საუკეთესო ნიმუშების აღორძინების საქმეში ახალგაზრდა ექიმების მისწრაფებისა და დამსახურების აღიარებას, მათ წახალისებასა და ხელშეწყობას საექიმო ოსტატობის დაუფლების გზაზე.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ექიმთა შემოქმედებით განვითარებას, ჩამოაყალიბოს ინოვაციური პროფესიული გარემო, შემდგომი სამედიცინო საქმიანობის წინსვლისთვის, რათა ადამიანის განკურნება იქცეს მოწოდებად.
“ღირსების გზა“ არის პირველი ქართული პრემია მედიცინის დარგში ახალგაზრდა ექიმებისთვის, რომელიც სამედიცინო-პრაქტიკული ჟურნალ „Therapia საქართველოსა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ადამიანის ინსტიტუტის“ მიერ არის დაარსებული.
დაჯილდოების ცერემონიალი 2018 წლის 1 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში გაიმართება, თუმცა, ღონისძიება, არსობრივად, მხოლოდ დასკვნით დაჯილდოების ცერემონიალს არ გულისხმობს – 2018 წლის მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიური სოციალური კამპანიის თანხლებით, წარიმართა მთელი რიგი აქტივობები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, საჯარო დაწესებულებებთან, ბიზნესოპერატორებთან და ა.შ.
გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალი სრულიად საქართველოს მოსახლეობის და მედიასაშუალებების ჩართულობით გაიმართება.
პრემიის მხარდამჭერებს შორის არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სხვები.
“პრემია „ღირსების გზა“ არის ახალგაზრდა ქართველი ექიმების ღირსეული პროფესიული გზის აღიარება; საქართველოში მაღალი სამედიცინო ეთიკური სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა; დინამიური იდეა, რომ ადამიანის განკურნება და საექიმო საქმიანობა იქცეს მოწოდებად; საქართველოს სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი; უპრეცენდენტო ღონისძიება საქართველოში სამედიცინო სფეროში მოღვაწე ღირსეული ახალგაზრდა ექიმების წარმოსაჩენად”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები