ვირუსული მენინგიტის 142 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა. მინისტრმა ჟურნალისტებს ვირუსების გავრცელების სტატისტიკა წარმოუდგინა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. ვირუსულ მენინგიტს 4 -წლიან ციკლში გამწვავება ახასიათებს, თუმცა ეს გამოიხატება არა დაავადების სიმძიმის ფორმაში, არამედ მისი რაოდენობის ზრდაში.
დღეის მდგომარეობით, ვირუსული მენინგიტის 142 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ამ ტიპის მენინგიტი მიმდინარეობს საშუალო და მსუბუქი ფორმით. კიდევ ერთი დაავადება, რომელზეც პრესკონფერენციაზე იყო საუბარი, არის ყირიმ-კონგოს ვირუსი. ეს დაავადება გადაეცემა მწერის ნაკბენით ან დასნეულებულ საქონელთან შეხებით. 2014 წელს სულ 5 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ვირუსული მენინგიტის გავრცელების შემთხვევებზე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება.