რუსთავში, რამდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა – სავარაუდოდ, მათ წინა დღეს მანდარინი მიირთვეს (ვიდეო)

“შევედი საარჩევნო უბანში, ხმა უნდა მიმეცა და მითხრეს, რომ მარკირება გაკეთებული გაქვს, ხმა მიცემული გაქვსო”, – ამის შესახებ რუსთავში მცხოვრებმა ამომრჩეველმა, ქსენია თავგორაშვილმა “კვირასთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო უბნიდან რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაგზავნეს, თუმცა საოლქოშიც იგივე განუცხადეს. მიუხედავად ამისა, ამომრჩეველი ხმის ორჯერ მიცემის მცდელობის ფაქტს მაინც არ ადასტურებს.
“შევედი საარჩევნო უბანში, ხმა უნდა მიმეცა და მითხრეს, რომ მარკირება გაკეთებული გაქვს, ხმა მიცემული გაქვსო. ვუთხარი, არა – მეთქი. მთელი ბრძოლა იყო. ამ ლაპარაკში, ძალიან გავნერვიულდი. მერე მითხრეს, საოლქოში მიდიო, რას გეტყვიანო. მოვედი და აქაც მეუბნებიან, მარკირება გაკეთებული გაქვსო. არადა, არა მაქვს… ხმა არ მიმიცია. რა ხდება, არ ვიცი. სხვა არჩევნების დროს, ეს პრობლემები არ იყო. იგივე სითხეს არ იყენებდნენ ადრე? მე ერთხელ მივედი ჩემს უბანზე, სადაც ვაძლევ ყოველთვის ხმას”, – განაცხადა ქსენია თავგორაშვილმა.
როგორც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა “კვირასთან” საუბრისას, განაცხადა, ქსენია თავგორაშვილის მსგავსად, იგივე პრეტენზიით მათ რამდენიმე მოქალაქემ მიმართა. ის ამბობს, რომ კანონმდებლობის თანახმად, მარკირებული ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე შესვლა აკრძალულია.
“მოგახსენებთ, რომ რამდენიმე მოქალაქე იყო მისული ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულია და გაიარეს მარკირების პროცედურა. კანონმდებლობა კი პირდაპირ გვავალებს, რომ თუ ამომრჩეველს აღენიშნება მარკირება, იგი ვერ მონაწილეობს ხმის მიცემის პროცესში. საარჩევნო უბანზე დადასტურდა, რომ მათ ჰქონდათ მარკირება. კანონმდებლობა გვიკრძალავს მარკირებული ადამიანის შეშვებას”, – განაცხადა გაგა აფციაურმა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამომრჩევლებმა, რომლებსაც ხმის მიცემის შესაძლებლობა ვერ მიეცათ, მანდარინი მიირთვეს და აღნიშნულს სწორედ ამას უკავშირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები