თეა წულუკიანი: ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც გახსნის ევროპულ პერსპექტივას და იქნება მთავრობისა და „ქართული ოცნების“ საუკეთესო პარტნიორი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მისი თქმით, მან არჩევანი იმ კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც პროგრესის გზაზე მთავრობისა და „ქართული ოცნების“ საუკეთესო პარტნიორი იქნება.
„ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც გახსნის ევროპულ პერსპექტივას, რომელიც იქნება მთავრობისა და „ქართული ოცნების“ საუკეთესო პარტნიორი, რომ ქვეყანა ვატაროთ პროგრესის გზაზე, რადგანაც მეორე კანდიდატის მხარეს არის წარსული და არ ვფიქრობ, რომ წარსულში უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა. ამ წარსულიდან ჩვენ ექვსი წლის წინ გამოვედით, საერთო ძალისხმევით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს არჩევნების გაყალბების შესახებ, მინისტრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მრავალი არჩევნების შედეგად, დაამტკიცა, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია და ამომრჩეველი არის თავისუფალი.
„მთავრობა და სახელმწიფო არ დაუშვებს რამე ტიპის დესტაბილიზაციას. არავითარი გაყალბება არ დაგეგმილა და რა თქმა უნდა, ვერ იქნება, რადგან მრავალი არჩევნების შედეგად, დავამტკიცეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატია და ამომრჩეველი არის თავისუფალი, მისცეს ხმა, ვისაც სურს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრის შეფასებით, აღნიშნული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც დადასტურდა და მეორეშიც დარწმუნებულია, რომ ასე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები