ირაკლი კობახიძე: თითქოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან ურეკავენ კონკრეტულ ადამიანებს და მათ ვალის გადახდას სთხოვენ, ეს არის პროვოკაცია

რაიონებიდან მოგვდის ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან ურეკავენ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული პირები და მათ ვალის გადახდას სთხოვენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ უკავშირდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან და რომლებსაც ვალების განულება პრემიერ-მინისტრის ინიციატივის საფუძველზე ეკუთვნით. „ჩვენ ვხედავთ, რომ არის არაერთი პროვოკაცია. რაიონებიდან მოგვდის ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან ურეკავენ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული პირები და მათ ვალის გადახდას სთხოვენ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან და რომლებსაც ვალების განულება ეკუთვნით იმ ინიციატივის საფუძველზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა. ეს არის აშკარა პროვოკაცია და ჩვენ აუცილებლად ჩავეძიებით ამ პროვოკაციებს, რომლებიც ხორციელდება, არის ტელეფონის ნომრები და რეალურად ვნახავთ, ვინ რეკავდა ამ ადამიანების ტელეფონის ნომრებზე და ვის შეჰყავდა ეს ადამიანები შეცდომაში. რეალურად, ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა სახეზე და არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ამას აუცილებლად ჩავეძიებით და ვინც დაარღვია კანონი, კანონის წინაშე პასუხს აუცილებლად აგებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები