დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი სასამართლოში პარლამენტარ სერგი კაპანაძის დაკითხვას ითხოვს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის დაკითხვას ითხოვს.
სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებების განხილვა მიმდინარეობს.
პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გ.ბ.-ს ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.
“წინა პროცესზე დავაყენე შუამდგომლობა, რომელიც შეეხებოდა კონკრეტული მტკიცებულებების დართვას და ასევე მოწმეების დაკითხვას. აღნიშნულ შუამდგომლობაზე დღეს მოვისმენთ პროკურატურის პასუხს და სასამართლოც მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ სასამართლო იქნება სამართლიანი, შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ველოდები. დღეს მაქვს ახალი შუამდგომლობა, რომელიც ეხება პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიაზე დაკითხულ პირთა აუდიოვიდეოჩანაწერების გამოთხოვას. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებისთვის სასამართლოს განჩინება მჭირდება. იმედი მაქვს, სასამართლო დასაბუთებულ შუამდგომლობას გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს. ვითხოვ, დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის დაკითხვას, მის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ჩინჩალაძე.
გარდა ამისა, ადვოკატი კიდევ ერთი მოწმის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც პირველი არხით გასულ ფილმში აღნიშნა, რომ მან დაინახა დადუნაშვილის მკვლელობის იარაღი – დანა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული დანა საქმეში არსებული დანის ფერს არ ემთხვევა.
“ასევე, ვითხოვ ერთ-ერთი მოწმის დამატებით დაკითხვას. ეს ქალბატონი გახლავთ მოწმე, რომელიც დადუნაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით, ფილმში, რომელიც გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, აცხადებს, რომ მან დაინახა დადუნაშვილის სხეულიდან გამოწეული დანა, რომელიც პრიალებდა. ხოლო, საქმის მასალებით, განაჩენით, დადასტურებულია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანა, რომელიც მსჯავრდებულია დადუნაშვილის ეპიზოდში, იყო შავი, რომელიც ვერანაირად იპრიალებდა. აღნიშნული მოწმის დამატებით დაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის სასამართლოში დაკითხულია, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია, ასე კონკრეტულად, რაც გადმოცემული აქვს ფილმში, სასამართლოში არ დაუფიქსირებია”, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები