სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება. მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულა ჩაიდო. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. სიღნაღის სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს. შენობაში მეხანძრე-მაშველებისთვის სატრენაჟორო დარბაზის მოწყობაც არის დაგეგმილი.
‘’ეს იქნება გარკვეული საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც სარგებლობა არა მხოლოდ მეხანძრე-მაშველებს, არამედ მოხალისეებსაც შეეძლებათ“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო არ არსებობდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტს აღნიშნული დეპო 2019 წლის სექტემბრიდან მოემსახურება. სახანძრო-სამაშველო შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისი იქნება. ახალი შენობის გახსნისთანავე, განახლდება სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტოპარკი.
ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სიღნაღის მოსახლეობა ესწრებოდნენ.