“მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, სოფელ ხიჭაურში განაცხადა, სადაც მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების აღსანიშნავად, მაგისტრალური მილიდან გაზი აანთო. მამუკა ბახტაძემ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროექტი მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
„მე ძალიან ხშირად მომისმენია, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზემო აჭარის მოსახლეობისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და მთავარ პრიორიტეტებში ყოველთვის ჩანდა, რომ სწორედ გაზიფიცირება არის ის, რასაც თქვენ ასე ელოდით და მოითხოვდით ჩვენგან. მე მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტში. საინჟინრო თვალსაზრისით, პროექტი აღმოჩნდა საკმაოდ რთული, კომპლექსური და მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს შესანიშნავი ბუნება, რასაც ჩვენ ვუყურებთ, უნდა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი და რა თქმა უნდა, ამის წინაპირობა გახლავთ სწორედ გაზიფიცირება.
კიდევ ერთხელ მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ყველას და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ შორის დონორებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ამ პროექტის რეალიზაციაში. მეორე ეტაპისთვის, გამოყოფილია 30 მილიონი ლარი და როგორც შეგპირდით, 2020 წლისთვის უკვე გოდერძის უღელტეხილამდე მივა ჩვენი მილსადენები და დამატებით 15 000 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზის მიღებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.