გურჯაანის მერი ვეჯინში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენკენ თითის გამოშვერა არის წმინდა წყლის პროვოკაცია (ვიდეო)
გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ვეჯინში მომხდარ ინციდენტს გმობს, თუმცა ბრალდებებს, რომ თითქოს მომხდარის უკან მმართველი ძალა დგას და ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, პროვოკაციას უწოდებს.
როგორც არჩილ ხანდამაშვილმა “კვირას” განუცხადა, მნიშვნელოვანია რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და სიმართლე დადგინდეს.
“მომხდარიდან მე მალევე მივედი შემთხვევის ადგილზე, სადაც უკვე მუშაობდა პოლიცია, მაშველები, ექსპერტიზაც იყო ჩართული. მანქანასთან ცეცხლი იყო გაჩენილი, თვითონ მანქანა არ იყო დამწვარი, რა თქმა უნდა, თავად ფაქტი ამაზრზენია, ვგმობთ მომხდარს, ჩვენსავე ინტერესებშია მალე მივიდეს გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე. თუმცა მე მინდა კატეგორიულად უარვყო ის ბრალდებები რაც გვესმის. ოპონენტების მხრიდან ჩვენკენ თითის გამოშვერა არის წმინდა წყლის პროვოკაცია”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
ვეჯინში ინციდენტი წუხელ მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი აცხადებდა, რომ მის საცხოვრებელ სახლში სამი ბოთლი ე.წ მოლოტოვის კოქტეილი დაუდგენელმა პირებმა შეაგდეს.
“კვირას” ინფორმაციით, ე.წ მოლოტოვის კოქტეილების სამი ბოთლი ელმირა ბეციაშვილის სახლის ტერიტორიაზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ერთი ბოთლი ავტომობილის ქვეშ, ხოლო ორი ავტომობილის გვერდით ეგდო.
ინციდენტის დროს ელმირა ბეციაშვილთან სტუმრად იმყოფებოდა ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ორი კოორდინატორი, ცოლ- ქმარი თამილა სიბაშვილი და გოჩა იმედაშვილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის არ მიცემის გამო, დედამთილს მეუღლესთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა და დაკბინა.