მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს – მოვითხოვთ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
საქმე ეხება ზოდელავას იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ე.წ. მაყურებლები, კანონიერი ქურდები, მათი ახლობლები, არჩევნების მეორე ტურზე ზემოქმედების მიზნით გაააქტიურა.
ზოდელავას მიერ ხსენებული პიროვნების ემზარ (მანჩო) ქარჩავას ადვოკატის, მაკა ჩარტიას თქმით, ენმ-ს ლიდერმა, მურთაზ ზოდელავამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია გაავრცელა. მისივე თქმით, ქარჩავას არასდროს ქონია შეხება ე.წ. ქურდულ სამყაროსთან, ის კანონმორჩილი ადამიანია და ზოდელავასგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.
“ეს ინფორმაცია ცილისმწამებლურია, ამიტომ დღეს სასამართლოში შემოვიტანეთ სარჩელი, რათა ამ პიროვნებამ ამისთვის აგოს შესაბამისი პასუხი. ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
ჩვენ ზოდელავასგან ვითხოვთ, რომ მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში”,-აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ზუგდიდში ყოფნა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრების წინასაარჩევნო მობილიზებას უკავშირდებოდა. ამის შესახებ მან „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.