კაზრეთის ორთვალა მღვიმის არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები ჩატარდა

 ოქტომბერ-ნოემბეეში არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრმა არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები ბოლნისის რაიონის, დაბა კაზრეთის სიახლოვეს მდებარე ორთვალა მღვიმის კომპლექსში ჩატარა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოები განხორციელდა აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორის, პროფ. დავით ბერიკაშვილის განცხადებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე.
ექსპედიცია დაკომპლექტებული იყო შემდეგი შემადგენლობით: ხელმძღვანელი – პროფესორ-ემერიტუსი, არქეოლოგი, გურამ გრიგოლია, ხელმძღვანელის მოადგილე – პროფ. დავით ბერიკაშვილი.
გარდა ამისა, როგორც საველე, ისე კამერალურ სამუშაოებში ჩართულ იყვნენ საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტები: შოთა თვალაძე, ლევან კვახაძე, ბექა გირგვლიანი, დავით ცომაია, ნიკოლოზ გაზდელიანი და ირაკლი ბერიკაშვილი.
„აღნიშნული საძიებო სამუშაოების შედეგად, დაბა კაზრეთის ტერიტორიაზე, მდ. მაშავერას ხეობაში ნაწილობრივ იქნა შესწავლილი მრავალფენიანი ძეგლი კაზრეთის ორთვალა მღვიმე. რამდენადაც აღმოსავლეთ ამიერკავკასია მღვიმური ქვის ხანის ძეგლებით მცირეა, რა დროისაც არ უნდა იყოს იგი, მომავალში ორთვალას გათხრითი შესწავლის საქმიანობა პერსპექტიული ამოცანად უნდა ჩაითვალოს.
კიდევ უფრო საინტერესოა ორთვალას ადრე შუა საუკუნეების კულტურის არქეოლოგიური პერსპექტივა, რაც მდგომარეობს მღვიმეში განვითარებული მონიმენტური არქიტექტურული მშენებლობაში.
მღვიმეში მაშტაბური შენობის აგება, მისი გარკვეული ნაწილის ბრტყელი გვერდებაკეცილი, შეღებილი კრამიტით გადახურვა, კირხსნარით მოსხმული იატაკის დიდი ზომის შინდისფერი ტუფის კვადრატული ფილებით მოგება, კედლების სქელი, მკვრივი მოლესილზედაპირიანი, თაბაშირისებული მასალით შელესვა, ცხადყოფს, რომ ეს შენობა მრავალმხრივ საყურადღებო შინაარსის შენობას უნდა წარმოადგენდეს.
ნაგებობის კედლების შელესვა და მათი მხატვრული ორნამენტი, დეკორით გაფორმება ძეგლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, საკულტო ხასიათის იყო იგი თუ არა, საერო ნაგებობის შესასვლელთან ოთხწახნაგა მდიდრულად გაფორმებული სტელის აღმართვა მის საკულტო დანიშნულებას უსვამს ხაზს.
ორთვალას საცდელი გათხრების შედეგად მოპოვებული ორიგინალური მასალის მიხედვით ძეგლი უნიკალური ჩანს, რომლის მსგავსი არქიტექტურული და მხატვრული ხასიათის დეტალების ერთობლიობა უცნობია როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში შესწავლილი ძეგლების სინამდვილეში.
მომავალში სტაციონალური, ფართო მაშტაბის არქეოლოგიური კვლევის საფუძველზე, პირველ რიგში, უნდა დაზუსტდეს მღვიმეში აგებული ძეგლის გეგმარება, მისი მხატვრული დატვირთვის რაობა და ამგვარი, მდიდრული გაფორმების აუცილებლობა. ასევე უნდა გაირკვეს საისტორიო გეოგრაფიის რიგი საკითხები და გამოინახოს თბილისიდან დმანისის ნაქალაქარისკენ და აქედან სომხეთისკენ მიმავალ საერთაშორისო ტურისტულ მარშუტში მისი ჩართვის შესაძლებლობა, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები