ანა წითლიძე: მივიღეთ ინფორმაცია, რომ გადასატან ყუთთან დაკავშირებით, გაცემულია სპეციალური დავალება
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის, ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ნაცვლად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ჯანმრთელი ადამიანები შეჰყავთ.
მისივე თქმით, აღნიშნული დავალება სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან არის გაცემული.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ გადასატან ყუთთან დაკავშირებით, გაცემულია სპეციალური დავალება “ქართული ოცნების” შტაბიდან, გადასატან ყუთებში შეჰყავთ „ქართული ოცნების” მხარდამჭერები, და არა ის პირები ვისაც გადაადგილება არ შეუძლიათ. ეს დავალება გაცემულია სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან და საოლქო კომისიიდან. მაგალითად, ერთ უბანზე, დაახლოებით, 12 ადამიანია უკვე შეყვანილი. ესენი არიან: ლეილა შამათავა, მზია შამათავა, ნანი კიტია, იროსი კიტია, მზისადარ ჯეჯელავა, რომელიც არ არის ავადმყოფი. ვაკონტროლებთ მათ თითოეულ ნაბიჯს. რამდენიმე უბნიდან გვაქვს ინფორმაცია, რომლებიც მოგვაწოდეს საოლქოდან დანიშნულმა პირებმა და მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, არ დაარღვიონ კანონი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.