“დამარცხებისკენ მიდრეკილი მხარე იგონებს სხვადასხვა სიცრუეს” – ზუგდიდში საარჩევნო კომისიის წევრთა დატოვებას უარყოფენ

გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდში საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილმა თანამდებობა დატოვა, ნაწილმა კი – თავად კომისია, ზუგდიდის მე-13 საარჩევნო კომისიის წევრი ხათუნა ფიფია ეხმაურება.
როგორც “კვირას” ფიფიამ განუცხადა, ანა წითლაძეს არანაირი უფლება არ აქვს სხვების ნაცვლად საუბრობდეს.
„ძალა ერთობაშიას” ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის, ანა წითლიძის დღევანდელი განცხადება სრული სიცრუეა, მე ვიყავი კომისიის წევრი, თუმცა ახლა მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ვიკეთებ ოპერაციას პარასკევს და ბუნებრივია დავტოვე კომისია. დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი სახელით საუბრობენ და ამის უფლება არავის არ აქვს. არც კი უკითხავთ და გადაუმოწმებით ჩემთან არაფერი,“ – განაცხადა “კვირასთან” ხათუნა ფიფიამ.

ანა წითლიძის განცხადებას, კომისიის წევრების მხრიდან თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა გვასალიაც პასუხობს:
„საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის და ამ დროს დამარცხებისკენ მიდრეკილი მხარე იგონებს სხვადასხვა სიცრუეს, მითუმეტეს “ნაციონალური მოძრაობისგან” ეს არ არის გასაკვირი. თუ ანა წითლიძე დაადასტურებს მის მიერ გაჟღერებულ განცხადებებს, ჩვენ კანონის სრული სიმკაცრით ვაგებთ პასუხს, ჩვენ არ შევდივართ დავაში, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ისინი გრძნობენ რომ ხალხი აკეთებს სწორ არჩევანს ჩვენს სასარგებლოდ და ამის მიზეზიც სწორედ ესაა”, – აცხადებს გვასალია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე მედიასთან აცხადებს, რომ ზუგდიდის ათ საარჩევნო უბანში საოლქო კომისიის მიერ დანიშნულმა წევრებმა კომისია დატოვეს. მისი თქმით, აღნიშნული პირები კომისიიდან წასვლის მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებენ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ „ქართული ოცნებიდან“ ჰქონდათ გარკვეული დავალებები, რომლის შესრულებაზეც უარი განაცხადეს.
წითლიძის განმარტებით, კომისიის ყოფილმა წევრებმა მათთვის მიუღებელი დავალებების გამცემად „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა გვასალია დაასახელეს. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რა მიუღებელ დავალებებს და მითითებებს გასცემდა გვასალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები