სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ისრაელიდან ჩამოსული პიარკონსულტანტის მიმართ ანტისემიტური შინაარსისაა.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ასეთი გამოთქმები ანტისემიტურ გამოთქმებში ჯდება, რაც საქართველოს არასოდეს ახასიათებდა. საქართველო მსოფლიოში ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ აქ ანტისემიტიზმი არასდროს არსებობდა. ეს არის საქართველოს, ქართული ღირსების, ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის მოშე კლუგჰაფტის შესახებ განცხადება “რუსთავი 2-ის” ეთერში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პიარზე საუბრისას გააკეთა. “ხაინდრავას მისცა 3 მილიონი, რომ კამპანიაში ჩაერთოს, ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები