თბილისის ბაროკო ფესტივალი გრძელდება – რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე მესამე კონცერტი გაიმართება
თბილისის ბაროკო ფესტივალი გრძელდება. 19 ნოემბერს, 19:30 საათზე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე მესამე კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, გერმანელი დირიჟორი – ქრისტოფ მაიერი და ფესტივალის მასპინძელი – „საქართველოს სინფონეიტა“ იტალიურ-ინგლისურ ბაროკოს მუსიკის კონცერტს გამართავენ სახელწოდებით – „იტალია ეგებება ინგლისს“ („Italy Meets England“).
„ქრისტოფ მაიერი ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას როგორც კელნის და მიუნჰენის კონსერვატორიებში, აგრეთვე სერგეი ფატკულინის კლასში ეუფლებოდა.
ისტორიული ინსტრუმენტების საშემსრულებლო ხელოვნების ინტენსიური კვლევების შედეგად ქ. მაიერი გერმანიის წამყვან ბაროკო ორკესტრებთან ერთად წარდგა საზოგადოების წინაშე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ანსამბლი Musica Antiqua Köln, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ასრულებდა როგორც საორკესტრო, ასევე კამერულ მუსიკას. მის, როგორც კამერული მუსიკის საქვეყნოდ აღიარებულ რეპუტაციას ადასტურებს უამრავი აუდიოჩანაწერი და გამოსვლები გრაცის ფესტივალზე- Styriarte , ლონდონის Wigmore Hall-ში, ციურიხის The Tonhalle-ში, ნიუ – იორკის Frick Museum-ში და ბერლინის ფილარმონიულ დარბაზში.
დირიჟორის პროფესიისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გაუჩნდა, 18 წლის მაიერს გუნდის რეგენტად იწვევდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ბრუნო ვაილი, რომელიც ცნობილია ვენის კლასიკოსების შესრულების ნოვატორული ინტერპრეტაციით, იდეალური პედაგოგი აღმოჩნდა საორკესტრო დირიჟორობის დასაუფლებლად. იგი სხვადასხვა სიმფონიური ორკესტრისგან მუდმივად იღებს მიწვევებს, რათა ისტორიულ საკრავებზე შესრულების ტექნიკის და ინტერპრეტაციის გამოცდილება გადასცეს. 2013 წლიდან ქ. მაიერი „საქართველოს სინფონიეტასთან“ აქტიურად თანამშრომლობს და სწორედ ამის ნაყოფიერი შედეგია ავთენტური შესრულების პირველი კომპაქტდისკი, რომელიც 2016 წელს გამოიცა.
უკვე მრავალი წელია ქრისტოფ მაიერი მის მიერ გამართულ კონცერტებზე მუსიკალურ შუამავლად გვევლინება, რომელიც დღევანდელ აუდიტორიას ნამდვილად სჭირდება. დირიჟორის ამგვარი მიდგომა ფოკუსირებულია აუდიტორიასთან ღია და პირდაპირ კონტაქტზე, რაც ეხმარება მსმენელს „ცოცხალი“ მუსიკის აღქმაში. 19 ნოემბერს ქართველი მსმენელი ამაში თავად დარწმუნდება. მსმენელი კონცერტიდან არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ ბაროკოს ეპოქის მუსიკაზე თავად გერმანელი დირიჟორისგან დიდ ინფორმაციასაც მიიღებს“, – აცხადებს თეა მუქერია.
ასევე აღსანიშნავია, რომ კონცერტის დაწყებამდე, 19:00 საათზე რუსთაველის თეატრის მცირე სცენის ფოიეში დავით გიგინეიშვილის ლექცია – წინასიტყვაობა გაიმართება, რაც საშუალებას მისცემს მსმენელს ინფორმაციულად მოემზადოს კონცერტისათვის.
თბილისის ბაროკო ფესტივალი 22 ნოემბერს, მსოფლიოში საუკეთესო ჩასაბერ საკრავთა იტალიურ ანსამბლს ZEFIRO-ს უმასპინძლებს და მსმენელს შესთავაზებს კონცერტს სახელწოდებით – „ჰარმონიული საღამო ვენაში“.
კონცერტის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ რუსთაველის თეატრის სალაროში და ონლაინ: www.biletebi.ge.
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ თბილისის ბაროკო ფესტივალის ვებგვერდს: www.tbf.ge.