ქეთევან ციხელაშვილი: აუცილებლად უნდა ვიაროთ მომავლისკენ და არავითარ შემთხვევაში წარსულში
“მიხარია ამ გამორჩეულ კუთხეში ყოფნა, სამცხე-ჯავახეთი ასეთია – მდიდარია, მრავალფეროვანია ისტორიით, კულტურით, მაგრამ რაც მთავარია, არის მდიდარი ხალხით – თქვენით, ადამიანებით, მშრომელი, გამრჯე, ენერგიული ადამიანებით”, – ასე მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ახალქალაქელებს.
“მიხარია თქვენი ნახვა და ყოველთვის მიხარია აქ ყოფნა. მინდა მოგმართოთ ქართულად და სომხურად. მიხარია ამ გამორჩეულ კუთხეში ყოფნა, სამცხე-ჯავახეთი ასეთია – მდიდარია, მრავალფეროვანია ისტორიით, კულტურით,მაგრამ რაც მთავარია, არის მდიდარი ხალხით – თქვენით, ადამიანებით, მშრომელი, გამრჯე, ენერგიული ადამიანებით და თქვენ აქ ხართ, ჩვენს მხარდასაჭერად და დიდი მადლობა ამისთვის. თქვენ ქმნით ასეთ განსაკუთრებულ და თბილ გარემოს ნებისმიერ ამინდში.
აქ ხშირად ჩამოვდივარ და ამ კვირაშიც უკვე ორჯერ ჩამოვედით თქვენთან. დღეს, ჩვენს გუნდთან ერთად ყოფნას კიდევ ერთი მიზეზი აქვს, ძალიან დიდი სიმბოლური მიზეზი და გეტყვით ახლა ამის თაობაზე. მთელი მსოფლიო ამ დღეებში აღნიშნავს ტოლერანტობის კვირეულს. ეს ნიშნავს ყოველგვარი ძალადობის პროვოცირების გამორიცხვას და ადამიანების ურთიერთპატივისცემას, თანადგომას. ეს კვირეული კვირის დასაწყისში აქ გავხსენით და დღეს აქ დავხურავთ, რაბათის ციხეზე კონცერტით. ეს იმიტომ გავაკეთეთ,რომ ვიცით, ამ რეგიონში ყველაზე კარგად გესმით,რას ნიშნავს ერთმანეთის თანადგომა და ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა და ჩვენ ამ საქმეში ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. დღევანდელ კონცერტს ჰქვია ერთი ცის ქვეშ. შემთხვევით არ ჰქვია ასე, ჩვენ მართლაც ერთი ცა გვაქვს, ერთი მიწა გვაქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენი ყველას ქვეყანაა. ჩვენ ვართ ყველა თანასწორი, განურჩევლად ჩვენი ეროვნებისა, რელიგიისა, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩემია, თქვენია, ყველა ჩვენგანის არის და თითოეული ჩვენი წარმატება იქნება ამ ქვეყნის წარმატება. მთავარია, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ეს ვაქციოთ ერთიან ენერგიად ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ და აუცილებლად უნდა ვიაროთ, აუცილებლად მომავლისკენ და არავითარ შემთხვევაში წარსულში. თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია, ყველა თაობის, მაგრამ არ შემიძლია დღეს აქედან არ გითხრათ, რომ თქვენ ამ რეგიონში გყავთ არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი ახალგაზრდები. ის გოგოები და ბიჭები, რომლებიც სწავლობენ დღეს აქაც, თბილისშიც, სომხურიც მშვენივრად იციან, ქართულიც მშვენივრად იციან, თავისი პროფესია და საქმეც მშვენივრად იციან. ახალი პროგრამით სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში გადიან სტაჟირებას, პირველ ნაბიჯებს დგამენ და ესენი არიან ის ადამიანები, ვინც აუცილებლად შეასრულებს ძალიან დიდ როლს ამ რეგიონის და მთელი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ ჩვენი გუნდით აუცილებლად დავუჭერთ ამას მხარს. და ბოლოს, იმას გეტყვით, რაც თქვენც ძალიან კარგად იცით, ბევრი რამ გაკეთდა აქ ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი კიდევ უფრო ბევრი რამის გაკეთება. ჩვენ ამ სულისკვეთებას, მთლიანად ჩვენი გუნდის, ხელისუფლების, ამ მუხტს წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენ გვჭირდება თქვენი თანადგომა და აუცილებლად ის პრინციპული არჩევანი, რაც უნდა გააკეთოთ ძალიან მალე.”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე იმყოფება.