დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის – DIASPORA.GE -ს დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს

0

დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის – DIASPORA.GE -ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის, DIASPORA.GE -ს და პირადად ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ხორციელდება ცილისმწამებლური კამპანია და მედიატერორი სოციალურ ქსელებში, რაც ჩვენი შეფასებით, მიზანმიმართულია შეაფერხოს ჩვენი მუშაობა და შეგვიზღუდოს აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და ევროკავშირის მედიის თავისუფლების ქარტიით.
ჩვენ მიერ გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაციით, სოციალური ქსელებში ცილისმწამებლური და მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელება ხდება საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენის საარჩევნო საუბნო კომისიის წევრების და დამკვირვებლების მიერ, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს და წარმოადგენენ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს და მის შტაბს. მათ მიერ სისტემური კამპანიის სახე მიიღო პირადად ჩემ მიმართ ღია მუქარამ და შანტაჟმა, რათა დიასპორულმა საინფორმაციო მაუწყებელმა, DIASPORA.GE -მ შეწყვიტოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო მოვლენების გაშუქება და ამასთან, დისკრედიტაციის მცდელობით და სიძულვილის ენის გამოყენებით, გვაიძულებენ აღნიშნული საპრეზიდენტო კანდიდატის სარეკლამო ბანერის ჩამოხსნას, რომლის განთავსებასაც დიასპორულ საინფორმაციო მაუწყებელ DIASPORA.GE – სთვის არათუ აკრძალული, არამედ მარეგულირებელი კომისიის შესაბამისი დადგენილებებით სავალდებულოც კია, თუ კი მას აღნიშნული შეთავაზებით, საარჩევნო სუბიექტი მიმართავს.
ამასთან, აღნიშნული ადამიანების ჯგუფი სოციალურ ქსელებში უკავშირდებიან ჩემს ახლობლებს და ოჯახის წევრებს, შეურაცხყოფენ მათ სახელსა და ღირსებას და ახორციელებენ ბულინგს, რაც მოგეხსენებათ, დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით.
მინდა მივმართო საზოგადოებას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის ხელმძღვანელობას, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს და მათ საარჩევნო შტაბებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საქართველოს სახალხო დამცველს და საქართველოს პარლამენტს, მოახდინონ რეაგირება, რათა არ შეექმნათ საფრთხე ჩემს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, აღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოებული სიძულვილის ენის გამოყენებიდან გამომდინარე და პირდაპირი და არაპირდაპირი მუქარის შემცველი განცხადებების გამო, რომლებსაც თანდართულად წარმოგიდგენთ.
პატივისცემით, დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის, DIASPORA.GE – ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი”,- აცხადებს დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის დამფუძნებელი.

კომენტარები

კომენტარი