რევაზ თვარაძის 90 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო საღამო გაიმართება
15 ნოემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება რევაზ თვარაძის 90 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო საღამო. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოს გაუძღვება ლიტერატორი გია მურღულია, ხოლო მწერლის, ლიტერატურათმცოდნისა და მთარგმნელის შესახებ ასევე ისაუბრებენ რამაზ პატარიძე და არჩილ გოგელია.
რევაზ თვარაძე 1966-67 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგედ, 1967-68 წლებში – გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” რედაქტორად, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორად (1973-75), ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელ მდივნად, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ და სხვ. 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
მწერლის ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1952 წლიდან. რევაზ თვარაძის წერილები და გამოკვლევები ეხება ქართული მწერლობისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს საკითხებსა და ტენდენციებს. გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მან მიუძღვნა ბიოგრაფიულ-ესეისტური ჟანრის წიგნი „გალაკტიონი“.
თარგმნილი აქვს მ. ლერმონტოვის, ა. ბლოკის, ა. ისააკიანის თხზულებანი, უილიამ ფოლკნერის რომანები: „სოფელი“, „ქალაქი“ და სხვ.