არჩილ თალაკვაძე: 2019 წლის ბიუჯეტს დავარქმევდი ფისკალური სტაბილურობის, სოციალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტს

„2019 წლის ბიუჯეტს დავარქმევდი ფისკალური სტაბილურობის, სოციალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტს. რეალურად, ეს სამივე ტენდენცია არის სახეზე”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, პარლამენტის წევრებისთვისაა მნიშვნელოვანი.
„მივესალმებით, რომ ბავშვები სიღარიბეში მყოფ ოჯახებში მიიღებენ ხუთჯერ მეტ ფინანსურ დახმარებას, ხუთჯერ მეტ სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან. ნამდვილად, ეს არის ნომერ პირველი საჭიროება, რაც კვლევებმაც გამოაჩინა, რასაც დღეს ყველა ხედავს და ხელისუფლება სწორედ ვალდებული იყო, რომ ამაზე ადექვატური რეაქცია 2019 წლის ბიუჯეტში გაეკეთებინა.
ჩვენ მივესალმებით პენსიების ზრდას 11%-ით და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ პენსიონერთა ოჯახის წევრები, ახალგაზრდა ადამიანები, იღებენ ასევე სახელმწიფოსგან სხვა მხარდაჭერას. ეს არის ჯანდაცვის პროგრამები, ეს არის სხვა სოციალური პროგრამები, ეს არის ეკონომიკური პროგრამები და ოპოზიციის მცდელობა, რომ ასაკით პენსიონერი წარმოაჩინოს მარტო, იზოლირებულ ადამიანად, რომელიც არანაირ შინა მეურნეობაში, არანაირ სოციალურ ჯგუფში არ ცხოვრობს და არანაირ მხარდაჭერას არ იღებს გარდა ასაკით პენსიისა, ჩემის აზრით ეს არის ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ კარგად არ აქვთ გააზრებული, რომ ასაკით პენსიონერები არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი, ისინი არიან ჩვენი ოჯახების წევრები, ისინი არიან ისევე მონაწილეები საქართველოში სოციალური და ეკონომიკური პროცესების, როგორც სხვა ადამიანები. ამიტომ, თუ ჩვენ ოჯახებში ხელს ვუწყობთ ახალგაზრდების განათლებას, თუ ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს, თუ ჩვენ ყველა ოჯახის წევრს ვუუმჯობესებთ ჯანდაცვის პაკეტებს, თუ ჩვენ ვზრუნავთ მათთვის დასაქმების შესაძლებლობებზე, რა თქმა უნდა, ესეც არის ის, რაც თითოეულ პენსიონერს სჭირდება, რადგან ეს სჭირდებათ მათ ოჯახებს”,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე შეფასებით, ხელშესახები ზრდაა განათლების სფეროშიც და 2019 წლის ბიუჯეტში, 61 მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული, რაც ახალი სკოლების მშენებლობას, ასევე, პროფესიულ განათლებას მოხმარდება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს პირდაპირაა დაკავშირებული მოკლევადიან პერიოდში დასაქმებასა და გრძელვადიან პერიოდში უფრო კონკურენტული, ხარისხიანი განათლების მიღებასთან.
„ახალი სკოლები ნამდვილად არის ის, რაც დღეს ჩვენს ქალაქებს და სოფლებს სჭირდებათ და კონტრასტი, რომელიც შექმნა ჩვენს მიერ ამ წლებში აშენებულმა სკოლებმა, დიახაც მოითხოვს, რომ ამ მიმართულებით მეტი ინვესტიცია იყოს ჩადებული”,- აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს რეგიონებს.
„რეგიონები არის ის, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ 2019 წელს და შემდეგ წლებში, 70 მილიონით რეგიონების ბიუჯეტის გაზრდა ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, უფრო სწრაფად მოგვარებულ პრობლემებს, რომელიც აქვთ რეგიონებში, სოფლებს და რომელიც აქვთ ქალაქსაც. აქ ხაზგასასმელია, რომ 20 მილიონით დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სადაც სოფლები თავად შეძლებენ მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა გამოსწორდეს, რა უნდა აღდგეს, რა უნდა შეკეთდეს მათ სოფლებში და მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იქნება ძალიან ეფექტურად მართული”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით, ხელფასი ეზრდებათ პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებსა და მესაზღვრეებს. არჩილ თალაკვაძემ, მმართველი გუნდისა და პარლამენტის სახელით, მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„თქვენ ხართ გმირები, თქვენ აკეთებთ საქმეს, რომლის გარეშეც ყოველდღიურად შეუძლებელია ქვეყანამ იარსებოს. ერთი დღეც რომ წარმოვიდგინოთ ქვეყანა პოლიციელების გარეშე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციელების გარეშე პრაქტიკულად სხვა ყველა პროცესი, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, პოლიციელის გარეშე ეს ყველაფერი არის წარმოუდგენელი. ამიტომ, თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ხელფასების ზრდას.
ხელფასები ეზრდებათ მეხანძრე-მაშველებსაც, რომლებმაც წელს აჩვენეს მართლაც სამაგალითო პროფესიონალიზმი. როდესაც ხანძრების შემთხვევაში იყო ძალიან დროული და ადექვატური რეაგირებები და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იმსახურებენ ხელფასების ზრდას. ისევე, როგორც მესაზღვრეებსაც ეზრდებათ ხელფასები, ადამიანებს, რომლებიც ურთულეს პირობებში დგანან და იცავენ საქართველოს საზღვრებს”,- განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, ბევრად მეტი თანხა – 92 მილიონი ლარი გამოიყო დევნილთათვის საცხოვრებელი ბინების საკითხების მოსაგვარებლად.
„დარწმუნებულები ვართ და მათ ვპირდებით,რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ მათი სახლები, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დარჩა, მათ დაუბრუნდეთ. სანამ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ, მათ ექნებათ და თითოეულ დევნილ ოჯახს უნდა ჰქონდეს ღირსეული საცხოვრისი, უნდა ჰქონდეს ღირსეული ბინა, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანს აქვს და 2019 წლის ბიუჯეტი ამ პირობას ნამდვილად ითვალისწინებს”,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურის სფეროზეც, სადაც დაფინანსების 160 მილიონიანი ზრდაა.
„რეგიონებში, განსაკუთრებით, ძალიან ბევრი სოფელი რჩება ჯერ კიდევ, რომელსაც აქვს წყლის პრობლემა, რომელსაც აქვს გაზის პრობლემა, რომელსაც აქვს გზის პრობლემა, შენობების პრობლემა და სწორედ ამ საკითხებს უნდა მოხმარდეს ეს 160 მილიონი ლარი”,- აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
სიტყვით გამოსვლისას, უმრავლესობის ლიდერი, დიალიზისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„დიალიზის პროგრამის ბიუჯეტი ჩვენი ხელისუფლების დროს გაიზარდა. როდესაც ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბრძანდებოდა ჯანდაცვის მინისტრი, დიალიზის პროგრამაში იყო რიგი. იცით რიგი რას ნიშნავს დიალიზზე? როდესაც ადამიანს სჭირდება სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო ჩარევა და ის ელოდება დღეების განმავლობაში, როდის ჩაიტარებს დიალიზს. ეს იყო თქვენს დროს. ჩვენს დროს რიგი აღარ არის. ჩართულობას, პრაქტიკულად, ლიმიტი არ აქვს ამ პროგრამაში და პროგრამის ბიუჯეტიც გაიზარდა.
ასე რომ, თქვენი მოწოდებული ინფორმაცია ხალხს რომ ატყუებთ, თითქოს დიალიზი არის შემაფერხებელი რომელიმე მკურნალობაში ჩართვის, არის არასწორი. მიბრძანდით და მონაცემებს გაეცანით კიდევ ერთხელ. C ჰეპატიტზე მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს არის უპრეცენდენტო პროგრამა, საქართველო გახდა ამ პროგრამით გლობალური ლიდერი, 60 ათასმა ადამიანმა უკვე იმკურნალა და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სწორედ ამ პროგრამის წყალობით გადარჩა. როგორც ვთქვით, ამან მოუტანა ქვეყანას თითქმის 5 მილიარდ დოლარიანი სიკეთე და უპირატესობა, რომელიც, რა თქმა უნდა, არის იმის შედეგი, რომ სწორი პოლიტიკა, სწორი პროგრამა და სწორი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ამ სფეროში”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ შეასრულა საკუთარი დაპირება საჯარო სექტორში ხელფასების ხარჯის დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
„გავიხსენოთ მამუკა ბახტაძის გამოსვლა, როდესაც პრემიერ-მინისტრი დავამტკიცეთ. მან თქვა, რომ საჯარო სექტორში ხელფასების ხარჯი იქნებოდა დაფიქსირებული 3.9 %-ზე მშპ-სთან მიმართებაში. პრაქტიკულად, ამ ხელფასების ნიშნულით გამოდის, რომ საქართველოში ყოველი 1 ლარი მართავს 8 ლარს, რაც მენეჯმენტის თვალსაზრისითაც არის საკმაოდ სწორი თანაფარდობა და მე იმედი მაქვს, რომ თითოეული საჯარო მოხელე რომელიც იღებს ხელფასს, რომელიც მიიღებს ხელფასს 2019 წელს, იქნება კიდევ უფრო მეტად მოტივირებული და სრული პასუხისმგებლობით შეასრულებს თავის საქმეს”,- განაცხადა დეპუტატმა.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ 66 ათას კერძო კომპანიას და სუბიექტს 2013 წლამდე დარიცხული ჯარიმები და დავალიანებები ჩამოეწერა. მისი განმარტებით, დავალიანების ჩამოწერის საჭიროება იმიტომ დადგა, რომ მათ ჯარიმები და სანქციები უკანონოდ დაერიცხათ.
„ამ დავალიანების ჩამოწერა საჭირო გახდა იმისთვის, რომ სწორედ ამ კომპანიებს, ამ კერძო სუბიექტებს ჰქონდათ უკანონოდ, უსამართლოდ დარიცხული ჯარიმები და უკანონოდ დარიცხული სანქციები დაგროვილი თავის ანგარიშზე და ისინი ვეღარ ახერხებდნენ ამ დავალიანებების გამო საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვას და ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ გაგრძელებას და ამიტომ, მთავრობის ეს ნაბიჯი უდაოდ არის სტიმული, პოზიტიური ნაბიჯი ბიზნესის და ბიზნეს სექტორის შემდგომი განვითარებისთვის”,- განმარტა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის განცხადებასაც.
„ევროპარლამენტარებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ საქართველო არის ვარსკვლავი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებას და იმ პირობებს, რომელიც ხელშეკრულებაში არის ჩადებული. თქვენი მისამართითაც რამდენიმე კრიტიკული გამოსვლა იყო, თუ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ. არ მოგეწონებათ, ძალიან არ მოგეწონებათ ის შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტარებმა თქვენი მისამართით გააკეთეს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიღარიბის აღმოსაფხვრელად, 2019 წლის ბიუჯეტსა და შემდგომ პოლიტიკაში ოთხი ძირითადი მიმართულებაა გათვალისწინებული.
„პირველი – განათლების სისტემის დაფინანსება, მისი სრულყოფა, ვინაიდან განათლებით არის შესაძლებელი ეკონომიკის გაუმჯობესება, განათლებით არის შესაძლებელი უკეთესი მომავლის შექმნა, ჩვენი ხვალინდელი დღის გაუმჯობესება; მეორე – ჩვენ ვაპირებთ უფრო მეტად დავიცვათ ბავშვები, რომელთაც აქვთ პრობლემები სიღარიბეში, სკოლაში, იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი ცხოვრობენ და სადაც ისინი ჩვენგან ელოდებიან უფრო მეტ მხარდაჭერას და 2019 წლის ბიუჯეტში ზუსტად ამ ბავშვებისთვის ხუთჯერ იზრდება სოციალური დახმარება, იზრდება განათლების დაფინანსება, უმჯობესდება ჯანდაცვის დაფინანსება და ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ სჭირდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში; მესამე – ჯანდაცვა, ჯანმრთელობა და ხარჯები, რომელიც ჯანდაცვაში არის და აქვს თითოეულ ოჯახს, არის მნიშვნელოვანი, რომ ამაში სახელმწიფო დაეხმაროს და ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს აქტიური პოლიტიკა, ისევე, როგორც მე-4 მიმართულება – ეკონომიკა”,- განაცხადა პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები