თბილისი „ბაროკო ფესტივალს“ მასპინძლობს
9 ნოემბერს გაიხსნა „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2018”.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ განუცხადა, კონცერტი „საქართველოს სინფონიეტას“ 10 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნებოდა და პირველ განყოფილებაში ნაჩვენები იყო ნინო ახვლედიანის დოკუმენტური ფილმი „საქართველოს სინფონიეტა 10“.
მეორე განყოფილებაში კი ორკესტრმა წარმოადგინა ექსპერიმენტული პროექტი „ძველებური ცეკვები“, სადაც ერთი სიუიტის სახით შესრულდა სხვადასხვა კომპოზიტორთა ცეკვები.
„საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ამ საღამოს ასევე მონაწილეობდა კახი ჩარგეიშვილი (პიკოლო ფლეიტა, სალამური) და ცნობილი ქართველი დრამერი მერაბ სანოძე (სანო).
საცეკვაო მუსიკის გარდა კონცერტზე ასევე შესრულდა ჰენრი პერსელის ორი არია, რომელიც კონტრტენორმა მიხეილ აბრამიშვილმა, უტა ბექაიას კოსტიუმში შემოსილმა შეასრულა და აუდიტორიის დიდი აღფრთოვანებაც დაიმსახურა. ამ საღამომ დიდი ტრიუმფით ჩაიარა, ემოციებით სავსე და აღტაცებული მსმენელი მუსიკოსებს კარგა ხანს არ უშვებდა სცენიდან.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 16 ნოემბერს
გერმანული მუსიკის კონცერტით გაგრძელდება და შესრულდება ბახის, ჰენდელისა და ჰაიდნის ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ უძველესი საკრავი – „პოზიტივ ორგანი“, ცნობილმა მეცენატმა კლაუს ჰიპმა გამოუგზავნა და დროებით მფლობელობაში გადასცა „საქართველოს სინფონიეტას“.
მნიშვნელოვანია, რომ სწორედ 16 ნოემბერს პირველად საქართველოში მსმენელები მოისმენენ ამ უძველეს საკრავს, რომელზეც ანნა ქურდოვანიძე ჰენდელის კონცერტს დაუკრავს, ხოლო ალექსანდრე ვასაძე ექსპერიმენტის სახით ჰაიდნის კლავირის კონცერტს კლავესინზე და პოზიტივ ორგანზე შეასრულებს. ეს საღამო, 16 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 19:30-ზე დაიწყება.
ფესტივალის შემდეგი კონცერტები 19, 22 და 25 ნოემბერს რუსთაველის თეატრში, ხოლო 1,2,3 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში გაიმართება“, – აღნიშნავს თეა მუქერია.
დეტალური ინფორმაცია: www.tbf.ge
ილია ბაბურაშვილის ფოტოები.