„გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების და IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერით, „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ დაასრულეს. კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ. ბრიგადის გენერალმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა, სწავლების დასრულება მიულოცა და კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები გადასცა.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ მიმართეს და სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა კი, ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სპეციალური ოპერაციების ძალების, შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის და აშშ-ის არმიის სპეციალური ძალების ოპერატიული დანაყოფის ინსტრუქტორები იყვნენ ჩართული. პირადმა შემადგენლობამ მომზადება სხვადასხვა დისციპლინაში გაიარა, მათ შორის ტაქტიკის, დაზვერვის, სამედიცინო, რეიდის და ჩასაფრების, ასევე საინჟინრო და პირდაპირი მოქმედებების უნარები განავითარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები